უსაფრთხო სისხლის მარაგის შექმნისა და ქვეყნის მასშტაბით სისხლის კომპონენტებით სამედიცინო ბაზრის დაკმაყოფილების მიზნით, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაში მდებარე სისხლის ბანკის შენობის რეაბილიტაცია დაიწყება. აღნიშნულს „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილებები ითვალისწინებს.
საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, რეაბილიტაცია მოხდება ახალი კორონავირუსით საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და კონტროლის ღონისძიებებიდან გამომდინარე.
ამასთან, კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაფართოების მიზნით, გათვალისწინებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის პირველი სართულის პირველი და მეორე ფლიგელის რეაბილიტაცია, გარდა ამისა, მოეწყობა კოვიდ-19-ის დიაგნოსტირების ცენტრები და, მოსალოდნელი წერტილოვანი ეპიდაფეთქებების მყისიერად მართვის მიზნით, მოხდება ორი ერთეული მობილური პჯრ ლაბორატორიის შესყიდვა, ასევე დიაგნოსტირებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების უზრუნველყოფა.