შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მიესალმება იმას, თუ ბიუჯეტში უფრო მეტი შესაძლებლობა გამოჩნდება პენსიების გასაზრდელად. ამის შესახებ სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ბიუჯეტი, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი, სწორედ მსჯელობისთვის არის და საბოლოო ვერსია არ არის.
“ჩვენ, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება მზად ვართ განვახორციელოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული გუნდში. მე, რა თქმა უნდა, მივესალმები იმას, თუ მეტი შესაძლებლობა გამოჩნდება პენსიების გასაზრდელად”, – განაცხადა სერგეენკომ.
ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე 2016 წელს პენსიების გაზრდის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ ბიუჯეტის პროექტით უკვე გაწერილი ზოგიერთი მიმართულებით თანხები შემცირდება. როგორც კაკაურიძემ დღეს პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, ფინანსთა სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობისთვის მზად არის.
“ჩვენ მზად ვართ მუშაობისთვის. გარკვეული შიდაგადანაწილებებით, მათ შორის სამინისტროებს შორის გადანაწილებებით – თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ზოგიერთი მიმართულებით თანხები შემცირდეს, ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება გარკვეული კატეგორიის პენსიის მომატება, თუმცა ეს არის რთული სამუშაო პროცესი”, – განაცხადა კაკაურიძემ.