ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ინფექციონისტი თამარ დავითაშვილი საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების ხარისხის თაობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მიესალმება ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების შესახებ.
„ეს ძალიან კარგი ინიციატივაა. მარტივი გამოკითხვა რო ჩავატაროთ, ათიდან ცხრა იგივეს დაგიდასტურებთ. ამას არ სჭირდება ექიმის კომპეტენცია. ხარისხი ყველა სფეროში, ფარმაცევტულში კი განსაკუთრებით, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.
მედიკამენტის ხარისხს ექიმი ვერ დაადგენს. ეს უნდა გააკეთოს შესაბამისმა რეგულაციებმა, რომელთა შედეგადაც ბაზარზე უბრალოდ არ უნდა მოხვდეს უხარისხო მედიკამენტი. ეს აქიომაა და ამის ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება“, – განაცხადა თამარ დავითაშვილმა.