2-3 კვირაში ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ კომპანიებს წარუდგენს რეფერენტული ფასების პროექტის საბოლოო ვერსიას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
„ეს შეიძლება სიახლე ჩვენი ქვეყნისთვისაა, მაგრამ ის დანერგილია ევროპის ყველა ქვეყანაში და ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ეს არის ზუსტად ის შესაძლებლობა, რომ მედიკამენტებზე გვქონდეს სამართლიანი ფასები და ეს სამართლიანი ფასები იმ რეფერენტული ქვეყნებიდან ავიღოთ, რომლებსაც ჩვენს სამიზნე ქვეყნებად განვსაზღვრავთ. უკვე ვართ იმ ეტაპზე, როდესაც მიდის მუშაობა ფასებისა და ქვეყნების განსაზღვრაზე ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტებისთვის, რაც ჩვენ იანვრიდან უნდა დავიწყოთ. საქმის კურსშია ფარმაცევტული სექტორიც. მათთან იყო რამდენიმე შეხვედრა და ვფიქრობ, 2-3 კვირაში საბოლოო ვერსიას წარვუდგენთ და ეცოდინებათ, როგორ ვიღებთ, რომელი ქვეყნებიდან ვიღებთ, როგორ იქნება განსაზღვრული მარჟები და ის მაქსიმალური ზღვარი, რა ფასად ფასადაც შეეძლებათ მედიკამენტების გაყდვა. მათ საკმარისი დრო ექნებათ, რომ იანვრამდე დაიგეგმონ,“- განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრის თქმით, ქართულ ბაზარზე მოქმედ კომპანიებს აქამდე მარჟებზე არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ და შეეძლოთ ნებისმიერი მარჟა დაედოთ საკუთარ პროდუქციაზე. ფასი განისაზღვრებოდა იმის მიხედვით, რა მოთხოვნაც იყო მედიკამენტზე. ახლა კი, როგორც აზარაშვილმა განმარტა, ჯანდაცვის სამინისტრომ აიღო გარკვეული მედიკამენტების ჩამონათვალი და სწავლობს, რა ფასად იწარმოება ან იმპორტირდება ეს წამლები ამა თუ იმ ქვეყანაში. ამ თანხას კი, მისივე თქმით, დაემატება გონივრული მარჟები, რაც საჭიროა დისტრიბუციისთვის და რითეილ ქსელში პაციენტებისთვის მისაწოდებლად და მაქსიმალური ზღვრის ფარგლებში განისაზღვრება ფასები.
„მაგალითად თურქეთის ბაზრის გახსნას რომ შევადაროთ, ამ გახსნით ჩვენ გავაჩინეთ ზუსტად იგივე მედიკამენტის იაფი კონკურენტი. თურქეთში არის მკაცრი რეგულაციები ფასებზე. როცა ზუსტად იგივე მედიკამენტი თავისუფალი ფასწარმოქმნით შემოდიოდა, კომპანიებს ნებისმიერი ფასის დაწესება შეეძლოთ. რადგან უკვე იაფიანი კონკურენტი გაუჩნდათ, ახლა უკვე იმ მედიკამენტებზე უწევთ ფასების კლება, რომლებსაც წლების განმავლობაში გაცილებით ძვირად ყიდდნენ. რეფერენტული ფასები შეეხება თურქეთიდან იმპორტირებულ და ყველა მედიკამენტს. ფასი იქნება სამრთლიანი მოგების და ყველაფრის გათვალისწინებით, მაგრამ 500 და 1000 პროცენტიანი მარჟები, როგორც დღემდე შეეძლოთ ჰქონოდათ, ეს შესაძლებლობა ნამდვილად აღარ ექნებათ. სრულად ექნება დაცული მომხმარებელთა უფლებები. ასევე ძალიან დიდი შემსყიდველია სახელმწიფო და სახელმწიფოსაც იგივე ფასად მიეწოდება ეს წამლები,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების გაიაფებისთვის ახალ რეფორმაზე მუშაობს. საუბარია რეფერენტული ფასების დადგენაზე, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ზედა ზღვარს დააწესებს თუ რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი. ფასები კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით უნდა დადგინდეს. რეფერენტული ფასები ძირითადად იმ მედიკამენტებზე გავრცელდება, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. ესენია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.