ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა კილაძემ jandacva.ge-ის პრესკლუბში მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მეტადონჩანაცვლებითი თერაპიით სამი ათასამდე ბენეფიციარი სარგებლობს.
„ჩვენი ცენტრი ახორციელებს მეტადონით ჩანაცვლების თერაპიას სრულად. ეს არის ერთადერთი განმახორციელებელი საქართველოში, რომელიც ტენდერის გზით შეირჩა. ჩვენ გვაქვს ოთხი განყოფილება თბილისში. პლუს ოთხი ქვეგანყოფილება აქვს ჩვენ ქვეკონტრაქტორს, რომელიც ჩვენთან ერთად ახორციელებს ამ პროგრამას.
ჩვენ გვაქვს ცენტრები ბათუმში,ქობულეთში, ფოთში, ოზურგეთში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და თელავში. უახლოეს მომავალში იგეგმება ქსელის კიდევ უფრო გაფართოება.
ჩვენი ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ფსიქიატრიული ამბულატორიული განყოფილება, სადაც აღრიცხვაზე იმყოფება მთლიანად საქართველოს პაციენტების ერთი მესამედი. თვეში, დაახლოებით, ვახორციელებთ სამი ათას ვიზიტს. კონსულტაცია და პრეპარატები ბენეფიციარებისთვის უფასოა“ – აღნიშნა ლაშა კილაძემ.