მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტებზე ფასების შემცირება ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენამაც განაპირობა
ბოლო პერიოდში ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენამაც განაპირობა წამლის გაიაფება, რადგან ახალი მოთამაშე წამლებს იაფად სთავაზობს მომხმარებელს.

მედიკამენტებზე ფასების შემცირება ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენამაც განაპირობა

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (აფბა) ,,ჯანდაცვის პლათფორმასთან“ ერთად  ახორციელებს ყოველთვიურ კვლევას  მედიკამენტებზე ფასების ცვლილების დასადგენად.

ფასების ცვლილების სპეციალიზებული ინდექსის ,,ფანასკერტელის ინდექსის“ მარტის თვის შემაჯამებელი შედეგების მიხედვით, წინა თვესთან შედარებით იდექსი 12,5 %–ით შემცირდა და 11.1 პუნქტი შეადგინა.

მიუხედავად მედიკამენტებზე ფასების კლებისა, ექსპერტთა ნაწილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა არსებული სურათი ახლო მომავალში შეიცვალოს ან, პროცესი გაიყინოს . მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანაში თავისუფალი საბაზრო  პოლიტიკის პრინციპები მოქმედებს და გამონაკლისი  ფასების რეგულაციის მხრივ არც ფარმაცევტული ბაზარია.

აღნიშნულთან დაკავშირებით jandacva.ge ჯანდაცვის ექსპერტს, ირაკლი სასანიას ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კონკურენციის გაზრდა აშკარად შეინიშნება, თუმცა არსებული სურათის შენარჩუნება გარკვეულ პროცესებზე არის დამოკიდებული:

,,ფასების კლების  ტენდენცია გასულ თვეში შეინიშნებოდა, რაზეც ,,ფანასკერტელის ინდექსიც“ მიანიშნებდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდეს. ამის ერთ–ერთი საშუალება გახლავთ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის გაზრდა. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ერთ–ერთი და არა ერთადერთი მექანიზმი მედიკამენტებზე ფასების შედარებით შემცირებისთვის.

ზოგადად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ    ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების რეგულირებას არაერთი ფაქტორი განაპირობებს, მით უმეტეს  მაშინ, როცა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვიმყოფებით და ფასებს ბაზარი არეგულირებს, ხელისუფლება კი გვეუბნება, რომ ჩარევის უფლება არ აქვს. არსებობს რისკი, რომ პროცესი გაიყინოს ან ისევ იგივე სურათი მივიღოთ, რაც რამდენიმე თვის წინ გვქონდა“– აღნიშნა ექსპერტმა.

მაგალითად,  კარდიოლოგიური ჯგუფის პრეპარატების დიდ ნაწილზე ფასები შემცირდა, თუმცა ეს ის კატეგორიაა, რომელზე მოთხოვნაც ყველაზე დაბალია. შესაბამისად, ექსპერტს მიაჩნია, რომ საკითხი უფრო სიღრმისეულ და ხანგრძლივ დაკვირვებას საჭიროებს.

როგორც ირაკლი სასანიამ აღნიშნა,  ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე ცვლილებები, სესაძლოა,   ახალი მოთამაშის შემოსვლასა და ეროვნული ვალუტის გამყარებას უკავშირდებოდეს:

,,ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენამაც განაპირობა ზოგი წამლის გაიაფება, რადგან ახალი მოთამაშე წამლებს შედარებით იაფად სთავაზობს მომხმარებელს. კონკურენცია თანდათან იზრდება, რაც მისასალმებელი ცვლილებაა, თუმცა ბაზარი უფრო მრავალფეროვანი უნდა გახდეს. რაც უფრო მეტი ახალი მოთამაშე  გამოჩნდება, ფასები კიდევ უფრო დაიკლებს. ეს ჯანსაღი კონკურენციის ბუნებრივი შედეგია“.

commersant.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …