თბილისი (BPI) – მედიკამენტებზე არსებული ფასები საგრძნობლად გაიზარდა. გაძვირებული მედიკამენტები კი მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლოებას. მედიკამენტებზე ფასების ზრდა ხელს უშლის ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ეფექტურად განხორციელებას.
საქართველოს პარლამენტისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გია ჟორჟოლიანი ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ სიტუაციას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია, თუ დაწესდება გარკვეული რეგულაციები.
„რასაკვირველია, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს მედიკამენტების ფასების ფორმირებაში. სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს სიტუაცია. ერთი მხრივ, შექმნას უზრუნველყოს მაღალი კონკურენცია, ხოლო, მეორე მხრივ, შექმნას ხელმისაწვდომობა“, – ამბობს ჟორჟოლიანი.
მისი აზრით, ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგება მხოლოდ მონოპოლიებთან ბრძოლით არ გამოვა. „ამ წესრიგის უზრუნველსაყოფად საჭიროა რეგულაციები. ამის მისაღწევად კი სხვადასხვა გზა არსებობს, თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან დოტაციები და ა.შ. მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია, თუ კონკრეტული ღონისძიებები გაინტერესებთ, ეს ჩემთვის რთული სათქმელი იქნება. ჩემ მიერ ზემოთქმული არის პოლიტიკური მიდგომა ამ საკითხთან მიმართებაში“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.