„ახალგაზრდა ექიმთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, მარიამ აბისონიშვილი ქვეყანაში მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხს გამოეხმაურა.
აღნიშნა, რომ სამინისტროს ინიციატივა სწორი და დროული ნაბიჯია, თუმცა საჭიროა ხარისხის კონტროლის გამკაცრება ქვეყანაში:
„ჯანდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა უნდა იყოს უპირობო და პრიორიტეტული.ერთ-ერთი წინაპირობა ჯენერიკების იმპორტის ხელშეწყობა და მათი სეგმენტის გაფართოებაა. შესაბამსიად, აუცილებელია მედიკამენტებზე კონტროლის გამკაცრება, რაც იმპორტირებული ჯენერიკების ხარისხსა და სანდოობას განაპირობებს. ამიტომაც, ხარისხის კონტროლის გამკაცრება აუცილებელია, მით უმეტეს, თუ ახალი ფარმაცევტული კომპანიები შემოვლენ ჩვენს ბაზარზე“, – განაცხადა ,,ახალგაზრდა ექიმთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, მარიამ აბისონიშვილმა.
მარიამ აბისონიშვილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმასაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, რეფორმა აუცილებელი და დროულია, რის შედეგადაც, პირველ რიგში, მოსახლეობა იქნება დაცული თვითმკურნალობისა და არასწორი ან დაგვიანებული დიაგნოზისგან:
,,პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე წამოიწყო, ძალიან დროული და მნიშვნელოვანია. სერვისები, რომელსაც შესთავაზებენ მოსახლეობას, იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა მისცემს ადამიანებს შესაძლებლობას, თვითნებურად ან მეგობრის, მეზობლის რჩევის მიხედვით არ იმკურნალონ, რაც ხშირად უშედეგო სრულდება არაკომპეტენტური რჩევის გამო. ოჯახის ექიმთან ვიზიტი და მის მიერ თუნდაც სტაციონარში სწორად გადამისამართება, რასაკვირველია, საჭიროა და აუცილებელია“.