ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით, ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს. მინისტრს დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს.
თუმცა, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.
„ძვირდება მედიკამენტები ძვირდება მკურნალობაც. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, რადგან მედიკამენტებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მკურნალობაში. ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ამისათვის მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლის გამკაცრება. ბრენდული წამლების ჯენერიკებით ჩანაცვლებით უარყოფითს ვერაფერს ვხედავ. თუმცა გასათვალისწინებელია მწარმოებელი ქვეყანა, ტექნოლოგიური პროცესები და ა.შ. მის ვარგისიანობას კი ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორია დაადგენს,“
– განმარტავს სისხლძარღვთა და გულის დაავადების ცენტრის კარდიოქირურგიული სამსახურის უფროსი, კარდიოქირურგი ზაზა კაციტაძე.
ოჯახის ექიმი, პედიატრი ხათუნა ნებიერიძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ჯენერიკ მედიკამენტს წერს დანიშნულებაში და მიაჩნია, რომ ის სანდო, ხარისხიანი და ისეთივე ფარმაცევტული ეფექტით ხასიათდება, როგორც ბრენდული მედიკამენტი:
„პირადად, ვიყენებ ჯენერიკ მედიკამენტს და საკუთარი ოჯახის წევრებსაც ვთავაზობ, ძალიან კმაყოფილივარ. როდესაც რომელიმე ჯენერიკ მედიკამენტს ვწერ, თუნდაც ანტიბიოტიკს, გვერდით აუცილებლად ვუთითებ ჯენერიკს. შედეგებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, პაციენტის მდგომარეობა არ გამრთულებია. თუმცა ყველა დასახელების ჯენერიკს არ ვიყენებ, ჩემთვის მისაღებია ის ჩამონათვალი, რომელიც პრაქტიკაში დადებითი შედეგით მაქვს გამოცდილი და მათ მიმართ ნდობა ჩამომიყალიბდა. იმ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, სჯობს პაციენტმა იყიდოს 10 აბი და მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ჯენერიკებით, ვიდრე შეიძინოს ბრენდის მხოლოდ ორი აბი და მკურნალობა ბოლომდე არ მიიყვანოს“.
პედიატრი მნიშვნელობას ანიჭებს არა მედიკამენტის მწარმოებელ ქვეყანას, არამედ კომპანიას, რომელიც მას აწარმოებს.
„ინდოეთში ბევრი სერიოზული კომპანია მოღვაწეობს, ასევე ეგვიპტესა და აზიის სხვა ქვეყნებში. შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, პაციენტები კმაყოფილები არიან ამ ქვეყნებში წარმოებული მედიკამენტები ხარისხით. პაციენტის მდგომარეობის გართულება შესაძლებელია გამოიწვიოს არა მხოლოდ ჯენერიკმა, არამედ ბრენდმაც. ესეც ინდივიდუალურია“.