“ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი სუბსიდია და დოტაცია, საბოლოო ჯამში, აზარალებს სახელმწიფოს და ხალხს.
„მხოლოდ პოპულისტები აკეთებენ მსგავს განცხადებებს, რომ ყველაფერი სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე. ჩვენ უნდა დაველოდოთ ლარის კურსის სტაბილიზაციას, მაგრამ ლოდინი არ ნიშნავს პასიურ მდგომარეობაში ყოფნას.
პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს საგარეო ფაქტორების გავლენა და მიიღოს პრევენციული ზომები, რომ ლარის კურსის დაცემა ნაკლებად მტკივნეულად აისახოს ადამიანებზე. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გაუმჯობესდეს საერთო ეკონომიკური მდგომარეობა და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ინვესტიციები, გაიზარდოს ჩვენი საექსპორტო პოტენციალი.
უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომ ადამიანებს მიეცეთ საშუალება თავიანთი შემოსავლებით შეიძინონ მედიკამენტები და უზრუნველყონ თავიანთი ჯანდაცვა. მე ასე წარმომიდგენია ნორმალური სახელმწიფო“, – აცხადებს ნაჭყებია.
მისი განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა ნამდვილად სახეზე იყო.
„მე არ მგონია, რომ დღეს ეს პრობლემა აღმოფხვრილია. ცხადია, მედიკამენტების სიძვირეს განსაზღვრავს ის, რომ ბაზარზე არ არის ჯანსაღი კონკურენცია. არიან კომპანიები, რომელთაც ლობირებენ სახელისუფლო წრეებში მოკალათებული საამისო შესაძლებლობის მქონე პირები. ამიტომ ვფიქრობ, მონოპოლიის პრობლემა არ არის აღმოფხვრილი, ისევე, როგორც სხვა სფეროებში.
ასევე, მეტად მნიშვნელოვანია იმ მედიკამენტების ხარისხის საკითხი, რაც ბაზარზეა და კარგია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეს საკითხი წინ წამოწია. ნებისმიერ ადამიანი, რომელსაც მიუღია გერმანიიდან, ან ევროპის სხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი წამალი და შემდეგ მისი ანალოგი საქართველოში შეუძენია, დაგიდასტურებთ, რომ ეფექტურობა მათ შორის ძალიან განსხვავებულია. ამიტომ, თუ აქვს ამის საშუალება, ხალხი ცდილობს, რომ საზღვარგარეთიდან ჩამოატანინონ მედიკამენტები.
ხარისხი არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანები უზარმაზარ ფულს იხდიან წამლებში, რომლებიც რეალურად არანაირი შედეგის მომტანი არ არის მათთვის. ჩვენ გვინდა, რომ მედიკამენტის ხარისხი იყოს ფასის შესაბამისი და თუ ჯანდაცვის სამინისტრო ამასთან დაკავშირებით ზომებს მიიღებს, ეს იქნება ძალიან კარგი“, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.