მთავარი » კვირის ინტერვიუ » მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრება ჯენერიკების მიმართ ნდობის ფაქტორს გაზრდის
თანაგადახდის სისტემა დაარეგულირებდა ჯენერიკების მიმართ მოთხოვნას.ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ცალ-ცალკე განხორციელება სასურველ შედეგს არ მოიტანს

მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრება ჯენერიკების მიმართ ნდობის ფაქტორს გაზრდის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლოებაზე საუბრობს, რაც ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოების ხარჯზე უნდა მოხდეს.

იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.

ჯენერიკული მედიკამენტების მნიშვნელობასთან დაკავშირებით, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თენგიზ ვერულავა საუბრობს

  • რას ნიშნავს ჯენერიკ მედიკამენტი და რით განსხვავდება ის ე.წ. ბრენდისაგან? 

თუ ჯენერიკს აწარმოებს სერიოზული ფარმაცევტული კომპანია, ის ბრენდისგან არაფრით განსხვავდება. ბრენდ-მედიკამენტის წარმოება გარკვეული ხნის განმავლობაში არავის შეუძლია, გარდა პატენტის მფლობელი კომპანისა. ეს არის ინტელექტუალური უფლებისა და საკუთრების დაცვა იმ კომპანიისა, რომელმაც გამოიგონა და აწარმოებს მედიკამენტს.

ზოგადად, წამლის შექმნა ძალიან ძვირი ჯდება. მისი გამოგონება მილიონობით დოლარი ღირს. ამიტომ კომპანია როდესაც  მედიკამენტს ჰქმნის, ეს ხდება მისი  ბრენდი და შემოსავლის ერთ-ერთი საშუალებაც, რომ ხარჯები, რომელიც მან გასწია მედიკამენტის გამოსაგონებლად და საწარმოებლად, აინაზღაუროს. მაგრამ გადის წლები და ამ კომპანიას ეხსნება უფლება, რომ მხოლოდ მან აწარმოოს აღნიშნული მედიკამენტი. მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ სხვა ფარმაცევტულ კომპანიებს საშუალება, აწარმოონ იგივე პრეპარატი.

ეს არის უკვე ჯენერიკი, რომელიც არის იგივე შემადგენლობის, ფუნქციებისა და ფარმაცევტული თვისებების მქონე მედიკამენტი, რაც ბრენდია. მხოლოდ ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ჯენერიკს აწარმოებს სერიოზული ფარმაცევტული კომპანია, რომელსაც აქვს შესაბამისი ლაბორატორიული აღჭურვილობა. ამ შემთხვევაში არანაირი განსხვავება ჯენერიკსა და ბრენდს შორის არ არის, გარდა ფასისა –  ბრენდი უფრო ძვირია, ვიდრე – ჯენერიკი.

  • რა განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ჯენერიკ მედიკამენტები არც თუ დიდი პოპულარობით სარგებლობენ? 

ამის უმთავრესი მიზეზი ფარმაცევტული კომპანიების აგრესიული მარკეტინგია. როგორც ვთქვი, ბრენდები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჯენერიკები, ამიტომ მათ ურჩევნიათ, რომ ბრენდი გაყიდონ, რადგან მას უფრო მეტი ფასნამატი აქვს. ამასთან, სამედიცინო პერსონალი გარკვეულ დამოკიდებულებაშია ფარმაცევტულ კომპანიებთან და ისინიც ხელს უწყობენ მათ აგრესიული მარკეტინგის განხორციელებაში და უფრო მეტად ბრენდებს უწერენ პაციენტებს, ვიდრე ჯენერიკებს.

ანუ, აგრესიული მარკეტინგი და სამედიცინო პერსონალი არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოში ჯენერიკები ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ. იგივე პრობლემა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც დგას, თუმცა არა ისე მწვავედ, როგორც ჩვენთან. საქართველოში ჯანდაცვის სისტემა ისე არ არის განვითარებული, როგორც უნდა იყოს. ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა არის სამ საფეხურიანი: პირველადი, მეორეული და მესამეული. ეს სისტემა ჩვენთანაცაა, თუმცა არ არის სათანადოდ განვითარებული. სისტემა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ექიმებმა გამოწერონ ჯენერიკები, რომლებიც გაცილებით იაფია.

ვგულისხმობ, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის სათანადო დონეზე აყვანას, რაც ექიმების  განათლებასა და სერიოზულ  ანაზღაურებაში გამოიხატება. შედეგად, ის აღარ იქნება დამოკიდებული ფარმაცევტული კომპანიების აგრესიულ მარკეტინგზე და  პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოგვარდებოდა. ექიმი გამოწერდა სწორედ  იმ მედიკამენტს, რომელიც უფრო იაფი და ხელმისაწვდომია მოსახლეობისათვის. რასაკვირველია, თუ ეცოდინება, რომ ჯენერიკი არის მაღალხარისხიანი და გასხვავება მასსა და ბრენდს შორის არ არსებობს.

  • გარდა იმ მიზეზისა, რაც თქვენ ახსენეთ, ჯენერიკების არაპოპულარობა ხომ არ არის გამოწვეული იმით, რომ ეს მედიკამენტები, ხშირ შემთხვევაში, აზიის ქვეყნებში მზადდება და მათ მიმართ ნდობა ნაკლებია? 

ნდობის პრობლემას წამლის ხარისხის კონტროლის ჩამოყალიბება,  განვითარება და გამკაცრება მოაგვარებდა. ეს სისტება ჩვენთან საკმაოდ დაბალ დონეზეა.  თანამედროვე ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც უნდა ხდებოდეს  მედიკამენტის ხარისხის შეფასება, საქართველოში არ არსებობს. ნდობა აზიის ქვეყნებში წარმოებული მედიკამენტების მიმართ გაიზრდება მას შემდეგ, რაც მოსახლეობას ეცოდინება, რომ მათი ხარისხი შეამოწმა შესაბამისმა სამსახურმა და მხოლოდ  მკაცრი კონტროლის შემდეგ დაუშვეს ის ბაზარზე.

სწორედ ამის შემდეგ დაუბრუნდება ადამიანს ნდობა. ზოგადად, ფარმაცევტული ინდუსტრია ძალიან რეგულირებადია და რეგულირების ერთ-ერთი საშუალება  მედიკამენტის ხარისხის კონტროლის ინდიკატორების შემოღებაა, თუ როგორ უნდა შემოწმდეს პრეპარატის ხარისხი. საქართველოში ხარისხის კონტროლზე გამოყოფილია თანხები, თუმცა სამწუხაროდ ეს ბიუჯეტი საკმარისი არ არის.

  • რა უნდა გაკეთდეს, რომ ჯენერიკ მედიკამენტების მოხმარება წახალისდეს? 

საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი როლი სახელმწიფოს აქვს.  სახელმწიფო პროგრამებში შედის გაკრვეული დასახელების  მედიკამენტები. ის თუ დააწესებდა წამლის ღირებულების თანაგადახდის გაცილებით მაღალ პროცენტს ბრენდ მედიკამენტეზე, ვიდრე  ჯენერიკების შემთხვევაში, ეს ნაწილობრივ ჯენერიკ მედიკამნტების მიმართ დამოკიდებულებას შეცვლიდა.  ასე, რომ არსებობს საშუალებები, რომლითაც შეიძლება ჯენერიკების მოხმარება გაიზარდოს.

  • რამდენჯერმე ვახსენეთ მედიკამენტების ფასი, რომ ჯენერიკი უფრო იაფია, ბრენდი – შედარებით ძვირი, ზოგადად, რა გზები არსებობს ბაზარზე მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად? 

არის ასეთი მიდგომა – წამლების ფასების რეგულირება იმ მეთოდების გამოყენებით, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია მიღებული ანუ სახელმწიფო ადგენს ფასნამატის ზღვარს. ევროპის ქვეყნებში საშუალო ფასნამატი მედიკამენტზე არის დაახლოებით 40-45%. ჩვენთან კვლევა ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ ფასნამატი 100%-ს აჭარბებს.

არსებობს რეგულაციის პირდაპირი და არაპირდაპირი გზა. პირდაპირი გზა არის ევროპაში, როდესაც სახელმწიფო აწესებს ფასნამატის ზედა ზღვარს. ამას აქვს თავისი საშიშროებაც – კორუფცია. დღეს ვაცხადებთ, რომ კორუფცია აღარ არის, თუმცა საქართველო არაა ძლიერი ქვეყანა, შეიძლება გამოჩნდეს კორუმპირებული ბიუროკრატი, რომელიც ამ რეგულაციებზე კორუფციული გარიგებები აწარმოოს. არაპირდაპირი გზა უფრო მისაღები და ეფექტურია.

საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი ძალიან დახურული და გაუმჭვირვალეა. ჩვენ არ ვიცით, რა ფასად შემოდის თითოეული მედიკამენტი საზღვარგარეთიდან. არც ის ვიცით, რამდენია ფასნამატი. ამის შესახემ ინფორმაცია მთავრობასაც არ გააჩნია. ამ მიდგომის ამოქმედებისას, სახელმწიფომ ფარმაცევტულ კომპანიებს სავალდებულო წესით უნდა მოსთხოვოს ინფორმაციის გამჭვირვალობა, ან შემოღებული უნდა იქნას სპეციალური სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა, სადაც მითითებული იქნება რა ღირდა ეს მედიკამენტი, როდესაც საზღვარზე შემოვიდა, რა მოცულობისაა ფასნამატი და საბოლოოდ რა არის მისი რეალიზაციის ფასი.

ამ შემთხვევაში კარგად დაინახავს მთავრობაც და საზოგადოებაც, თუ რამდენს შეადგენს ფასნამატი. არაპირდაპირი რეგულაცია საქართველოში უფრო მარტივი გასაკეთებელი და მიღწევადია, რაც  სასწრაფო და აუცილებელია დღეს. რაც მეტი იქნება გამჭვირვალობა, მით მეტი იქნება კონკურენცია ფარმაცევტულ კომპანიებს შორის.

საბოლოოდ, საჭიროა კომპლექსური მიდგომა. უნდა განვითარდეს პირველადი ჯანდაცვა, გამკაცრდეს მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი, რათა გაიზარდოს სანდოობა ჯენერიკ მედიკამენტების მიმართ, ასევე სახელმწიფოს მხრიდან  დაწესდეს  მედიკამენტების ფასნამატზე არაპირდაპირი კონტროლი, რომელიც უფრო ეფექტური იქნება, თანაგადახდის სისტემა კი დაარეგულირებდა ჯენერიკების მიმართ მოთხოვნას. ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და მათი ცალ-ცალკე განხორციელება სასურველ შედეგს არ მოიტანს.

primetimenews.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …