მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს
მედიკამენტების ფასებისა და ხარისხის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრს თამარ ცინცაბაძეს ვესაუბრეთ.

მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს

მედიკამენტებზე ფასების ზრდა უკვე თვალსაჩინოა. ხშირად ისმის კითხვები ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლიზაციისა და შეთანხმებული ფასების შესახებაც. ასევე, გაურკვეველია თუ როგორია იმ წამლების ხარისხი, რომლებსაც ყოველდღიურად მოიხმარს მოსახლეობა. მედიკამენტების ფასებისა და ხარისხის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრს თამარ ცინცაბაძეს ვესაუბრეთ. 

„მედიკამენტების ფასებზე შეიძლება მოქმედებდეს ვალუტის კურსი და სხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიც. მოსახლეობიდან, რასაკვირველია, არის მოთხოვნა, რომ სახელმწიფომ დაარეგულიროს სიტუაცია. ეს შეიძლება იყოს საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც სახელმწიფო არ მისცემს საშუალებას, რომ ფარმაცევტულმა ბაზარმა დარტყმა მიაყენოს მოსახლეობას. მსგავსი რეგულაციები უნდა იყოს სხვა მიმართულებითაც, არა მხოლოდ წამლების შემთხვევაში.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მისი მოსახლეობის სიღარიბიდან გამოსაყვანად. აუცილებლად უნდა შეუწყოს ხელი ეკონომიკის გაძლიერებას და აღმავლობას, რომ გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები, მოსახლეობა იყოს დასაქმებული.

თუ მოსახლეობას ექნება საკუთარი შემოსავალი, მაშინ მისთვის ასეთი მწვავე აღარ იქნება ფარმაცევტულ ბაზარზე ობიექტური მიზეზებით გამოწვეული ფასთა ცვლილება“, – მიაჩნია ცინცაბაძეს.

მისი აზრით, ასევე, უნდა გამკაცრდეს კონტროლი მედიკამენტების ხარისხზე.

„ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული დასახელების მედიკამენტების მიმართ უნდობლობაა სამედიცინო წრებში და ეს გადაეცემა მოსახლეობასაც. თუ ეს უნდობლობა გამოწვეულია ობიექტური მიზეზების გამო და სამართლიანია, აუცილებლად უნდა გამკაცრდეს კონტროლი და არც ერთი ისეთი პრეპარატი, რომლის ხარისხიც ოდნავ მაინც იწვევს ეჭვს, ბაზარზე არ უნდა შემოვიდეს.

ხოლო თუ უნდობლობა გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ ერთ ქვეყანაში დამზადებული წამალი გაცილებით იაფია, ვიდრე მეორეში და ამას ლოგიკური ახსნა აქვს, ესეც აუცილებლად უნდა განიმარტოს“, – განაცხადა თამარ ცინცაბაძემ.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …