მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ხარისხის საკითხი ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იდგეს
მედიკამენტების ხარისხის შემოწმებაზე პასუხისმგებელი სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოა ეს საკითხი ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იდგეს

მედიკამენტების ხარისხის საკითხი ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იდგეს

მედიკამენტების გაძვირებაზე, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებასა და მედიკამენტების ხარისხზე, ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტს ირაკლი სასანიას ვესაუბრეთ.

„დოლარის კურსის ცვლილებამ მედიკამენტების ფასებზე გარკვეული ცვლილებები მოახდინა, თუმცა არ ჩატარებულა რაიმე მასშტაბური კვლევა, რომლის მიხედვითაც შეგვეძლება ვნახოთ საერთო სურათი. ცხადია, ყველა ვარიანტში ჯენერიკული წამლების მოხმარება საავადმყოფოსთვისაც და დამფინანსებლისთვისაც ყოველთვის სახარბიელოა.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ალბათ ჯანდაცვის სამინისტროც განიხილავს მას ჯანდაცვის პირველი რგოლის რეფორმის ფარგლებში. ფასების ცვლილება მძიმედ არ ასახულა ჯერჯერობით ჩვენზე, თუმცა მომავალში რა იქნება, ვარაუდიც რთულია.

არ მგონია, რომ სახელმწიფოს მიერ წამლების შეძენა გლობალური მასშტაბით შესაძლებელი იყოს. გარკვეული პროგრამის ფარგლებში შეიძლება ეს ეფექტური იყოს, რადგან სახელმწიფო დააფინანსებს მას და მომწოდებლისგან დიდი რაოდენობით პრეპარატის შესყიდვა უფრო იაფად მოხერხდება. ასეთ დროს ფასზე მომწოდებელ კომპანიასთან მოლაპარაკება შესაძლებელია.

ძალიან ხანგრძლივი და სანდო საინფორმაციო სისტემა და დრო სჭირდება იმის დადგენას, თუ რომელ პრეპარატებზე არის ყველაზე დიდი მოთხოვნა, რათა სახელმწიფომ თავად იზრუნოს შემოტანაზე. თან თავისუფალი საბაზრო პოლიტიკის პირობებში ეს რამდენად მოხერხდება, არ ვიცი.

ჩვენთან შემოდის როგორც ბრენდული, ისე არაბრენდული და დაბალფასიანი წამლები. ხარისხი და სანდოობა რა თქმა უნდა ბრენდული წამლების მიმართ უფრო არსებობს და როცა ექიმი არჩევანის წინაშე დგება, ლოგიკურია რომ პაციენტს ბრენდულ წამალს ურჩევს, თუ მას ამის ყიდვის შესაძლებლობა აქვს.

შეიძლება პრეპარატი კარგი ხარისხის იყოს, მაგრამ თუ მას თვითნებურად მიიღებს ადამიანი, რაც ხშირად ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით ხდებოდა ხოლმე, ორგანიზმი შეეჩვევა წამალს და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება აღარ იმოქმედოს პრეპარატმა ისე, როგორც საჭიროა.

მედიკამენტების ხარისხის შემოწმებაზე პასუხისმგებელი ქვეყანაში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოა და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იდგეს“, – განაცხადა ექსპერტმა

news.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …