მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ხარისხის კონტროლისას ევროპული გამოცდილება უნდა გავიზიაროთ
მედიკამენტებზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა, რაც პაციენტებისთვის მძიმე ტვირთია. ისინი ხშირად ვერ ახერხებენ მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტების შეძენას.

მედიკამენტების ხარისხის კონტროლისას ევროპული გამოცდილება უნდა გავიზიაროთ

თბილისი (BPI) – ბოლო პერიოდში მედიკამენტებზე არსებული ფასები საგრძნობლად გაიზარდა, რაც პაციენტებისთვის მძიმე ტვირთია. ისინი ხშირად ვერ ახერხებენ მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტების შეძენას. აღნიშნულ საკითხს „დევნილთა პარტიის“ თავმჯდომარე ლელა გულედანი გამოეხმაურა.

„ჩვენ მუდამ ვიღებთ განცხადებებს  სოციალურად დაუცველებისგან, დევნილებისგან, რომლებიც გთხოვენ დახმარებას მედიკამენტების შესაძენად. გამოვითვალეთ და ბევრ მათგანს ერთი თვის დანიშნულებისათვის ასოცი, ზოგჯერ კი ასორმოცდაათი ლარი სჭირდება. ჩვენ შევხვდით დევნილებს თბილისსა და მცხეთაში და მსგავსი თხოვნით ბევრმა მოგვმართა. ეს ნიშნავს იმას, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს და მწვავედ დგას. ხალხს უჭირს და ამიტომ გვთხოვენ დახმარებას“, – აცხადებს გულედანი.

მისი თქმით, ყოველთვის იდგა მედიკამენტების სიძვირის პრობლემა. „ეს პრობლემა ახლა კიდევ ლარის კურსის დაცემა დაემატა, რამაც ფასების კიდევ უფრო ზრდა გამოიწვია.

„ზოგადად, ეს იმის ბრალია, რომ არაჯანსაღი კონკურენციაა და შემომტან კომპანიებს შორის ალბათ ფასებზე მოლაპარაკებებიც ხდება. ამიტომ, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს მონოპოლიური სიტუაციების გასანეიტრალებლად და ფასების დასარეგულირებლად. ეს ჩარევა ხელს უნდა აძლევდეს თავად სახელმწიფოსაც, თუკი ფიქრობს მოსახლეობაზე და სოციალურად გაჭირვებულ ხალხზე, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით ნახევარი მილიონია“, – აცხადებს გულედანი.

მისი აზრით, შესაძლოა, ბიუჯეტში გამოიყოს გარკვეული თანხა, რომ პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველებისათვის თუ დევნილებისთვის მოხდეს მედიკამენტებით დახმარება, ან პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე მაინც გაეწიოთ მათ გარკვეული შეღავათები.

„მეორე პრობლემა, გარდა ფასისა, არის მედიკამენტების ხარისხი. ჩვენ მივისწრაფით ევროპისაკენ, ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ვამბობთ, რომ ევროპის გამოცდილება უნდა გავიზიაროთ და სახელმწიფო პოლიტიკაში უნდა ავსახოთ ეს ყველაფერი.

ევროპას უდიდესი  გამოცდილება აქვს და, რა თქმა უნდა, უნდა გავიზიაროთ და ეს უნდა მოხდეს არა მხოლოდ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით, არამედ ზოგადად, იგივე საკვები პროდუქტების მიმართებითაც, რადგან არც ამ მიმართულებას აკონტროლებს დღეს ვინმე. მედიკამენტების ხარისხის კონტროლს, ცხადია, განსაკუთრებით უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან ქვეყნის უსაფრთხოება სწორედ საზოგადოების ჯანმრთელობიდან იწყება“ – ამბობს ლელა გულედანი.

bpi.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …