ჯანდაცვის სამინსტროს ინციატივას მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებასა და ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების რეგულირების მიზნით, ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებასთან დაკავშირებით, ტატიშვილის კლინიკის მთავარმა ექიმმა სალომე როდონაიამ ისაუბრა:
„ტატიშვილის ცენტრის პედიატრიულ და ქირურგიულ განყოფილებაში დაბალი ხარისხის ჯენერიკ მედიკამენტებმა ნალებად გაამართლა. ამიტომ, უპირატესობას ვანიჭებთ უკვე გამოცდილ, კლინიკური კვლევის მქონე მედიკამენტებს, რომლებიც მასიურად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნებში. თუმცა, შეიძლება იყოს ჯენერიკი მედიკამენტი, თუმცა, ამას დრო და პრაქტიკა სჭირდება.
ერთპიროვნულად ვერავინ იტყვის რამდენად გაამართლებს ინდური ჯენერიკი. აქ არის სხვადასხვა ნოზოლოგიის დაავადებებისთვის განკუთვნილი უამრავი მედიკამენტი. სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოებული ჯენერიკები შეიძლება სხვადასხვა მოქმედების იყოს. ინდური მედიკამენტები საქართველოში ისედაც გამოიყენება, ზოგი ძალიან კარგია და კმაყოფილები არიან ექიმები.
ჩვენთან ძირითადად, პედიატრიის ხაზით ვმუშაობთ და რადგან 2–3 თვის ჩვილებს ვმკურნალობთ, დაბალფასიან და არა ბრენდულ წამლებს თავს ვარიდებთ“.
რაც შეეხება ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენას, ექიმი განმარტავს:
„ჰუმანითი ჯორჯიას“ შესახებ არ მსმენია, თუმცა ზოგადად კი მიმაჩნია, რომ ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლა მნიშვნელოვანი ფაქტია, ამავდროულად კი, აუცილებელია მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაზრდა. ეს დროული და საჭირო ინიციატივაა. მედიკამენტების კონტროლი უპირობოდ მნიშვნელოვანია. პირველ რიგში უნდა გაკონტროლდეს ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც თავად სთავაზობენ საკუთარ მედიკამენტებს.
როდესაც ექიმი პაციენტს უნიშნავს წამალს, სასურველია რეცეპტში მიუთითოს როგორც ნივთიერების ბრენდნეიმი, ისე ჯენერიკი. არ მიმაჩნია სწორად, რომ მხოლოდ ჯენერიკის დასახელება უნდა დაწეროს. ექიმმა უნდა დანიშნოს წამალი, რომელიც ნამდვილად იცის, რომ კარგად მოქმედებს კონკრეტული სიმპტომების დროს“.