მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ხარისხის კონტროლის გამკაცრება ხელს შეუწყობს მედიკამენტების მიმართ ნდობის ზრდას
მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება ხელს შეუწყობს მოსახლეობაში მედიკამენტების მიმართ ნდობის ზრდას და სტერეოტიპების რღვევას

ხარისხის კონტროლის გამკაცრება ხელს შეუწყობს მედიკამენტების მიმართ ნდობის ზრდას

„ჯენერიკებისა  და ინდური წარმოების მედიკამენტების  სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. მათი  მიღება საფრთხე ნამდვილად არ არის, “ – აცხადებენ ექსპერტები და მედიკოსები.

ამ ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამაკაცრებას გეგმავს. “სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” დადგენილების პროექტი საქართველოს მთავრობამ უკვე განიხილა.

“სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა პროგრამაში შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას.

ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა.

თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად, ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება”, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. 

ირკვევა, რომ მედიკამენტების ხარისხის გადამოწმება, გარდა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსა, მოხდება ევროპის შესაბამისი ლიცენზიის მქონე ლაბორატორიებში. გარდა ამისა, იგეგმება იმ ნედლეულის ხარისხის შემოწმებაც, რომლითაც საწარმოებში მედიკამენტები მზადდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრა ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი:

„ჩვენ არ გვაქვს საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ლაბორატორიები, რომლებიც მედიკამენტების ხარისხს შეამოწმებენ. წლების განმავლობაში ხარისხი ვერ მოწმდებოდა შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ლაბორატორიაში. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარვეზი სწორედ ეს იყო. სასურველია, რომ მეტი მოთამაშე გაჩნდეს ბაზარზე, რათა კონკურენციამ მოიმატოს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებული იქნება, რომ შემოიტანოს მაღალი ხარისხის მედიკამენტი.

როდესაც ექიმს ავალებდნენ კონკრეტული კომპანიის წამლების გამოწერას პაციენტისათვის, ფარმაცევტული კომპანია ხარისხზე აღარ ამახვილებდა ყურადღებას, რადგან იცოდა, რომ მაინც გაყიდდა მედიკამენტს, რა ხარისხისაც უნდა ყოფილიყო. ამიტომ საჭიროა, რომ ბევრი მოთამაშე გამოჩნდეს ბაზარზე, მძიმედ წარიმართება ეს პროცესი, თუმცა საბოლოოდ მივიღებთ შედეგს და ფარმაცებტულ ბაზარზე იქნება მაღალი ხარისხის მედიკამენტები“.

გარდა ამისა, მალხაზ წერეთელი მიიჩნევს, რომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება ხელს შეუწყობს მოსახლეობაში მედიკამენტების მიმართ ნდობის ზრდას და  სტერეოტიპების რღვევას, რომ რომელიმე ქვეყნის მიერ წარმოებული მედიკამენტები უვარგისია. ეს ეხება ჯენერიკებს და მათ შორის ინდური წარმოების ჯენერიკულ მედიკამენტებს.

„მოსახლეობას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ ყიდულობს მაღალი ხარისხის მედიკამენტს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ვიცით, თუ რა ფასად უჯდება მას წამლის შეძენა მას“, – ამბობს პარლამენტარი.

news.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …