მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » მედიკამენტების ხარისხის კონტროლი მომხმარებლის უფლებების დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯია
ეს არის მომხმარებლის უფლებების დაცვისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.სერგეენკოს აქვს ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების სისტემური ხედვა.

მედიკამენტების ხარისხის კონტროლი მომხმარებლის უფლებების დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯია

სპეციალისტები და პოლიტიკოსები მედიკამენტების ხარიხის კონტროლის გამკაცრებას მიესალმებიან.

ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ, ჯერ კიდევ, შემოდგომით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სეგმენტის გაფართოვება დაანონსა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტების ხარისხს მწარმოებელი ქვეყანა არ განსაზღვრავს. ამისთვის კი, აუცილებელია ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება.

“მედიკამენტების ხარისხის კონტროლი იზრდება” – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. დავით სერგეენკოს თქმით, “სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” დადგენილების პროექტს საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

მისივე თქმით, პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა პროგრამაში შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას.

ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა.

თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად, ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

აღნიშნულ პროგრამას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე გამოეხმაურა:

„ეს არის მომხმარებლის უფლებების დაცვისკენ გადადგმული კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ზოგადად, ბატონ სერგეენკოს აქვს ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების ძალიან სისტემური ხედვა. ვფიქრობ, რომ ამ ინიციატივას ყველანი გვერდით უნდა დავუდგეთ. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, მომხმარებელი იყოს დაწრმუნებული და გარანტირებული, რომ ყიდულობს მაღალი ხარისხის მედიკამენტს და ჰქონდეს იმედი, რომ მკურნალობის შედეგი იქნება ადეკვატური“.

ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ წამლის ხარისხის კონტროლის გაზრდა მნიშვნელოვანი და საჭირო ინიციატივაა. „წამლის ხარისხის შეფასების მხრივ აქამდე ჩვენ ნამდვილად, ჩამოვრჩებოდით ევროპის განვითარებულ ქვეყნებს. ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი მწარმოებლები თავად ამოწმებენ ხარისხს.

ერთის მხრივ, ეს კარგია, მაგრამ, მეორეს მხრივ, მიკერძოების რისკს აჩენს. ამდენად, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ მოხდება წამლების ამორჩევა და შემდგომ გაგზავნა სანდო, ცნობილ და მაღალი სტანდარტის ლაბორატორიებში. ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის მართვის კუთხით კონტროლი აუცილებელია, ასევე კონტროლის გამკაცრება წამლის ხარისხთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა“, – აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი.

,,ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის“ პრეზიდენტი ირინა ჭელიძე მედიკამენტების ხარისხის კონტროლოს გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს:

„ საქართველოში წამლის კონტროლი არ ხორციელდება. ძალიან დადებითად ვაფასებ ამ ინიციატივას. უბრალოდ, არ ვარ ინფორმირებული რა სახით აპირებენ შემოწმებას, რომელ ლაბორატორიებში შეამოწმებენ კონკრეტულად და ა.შ. უმჯობესი იქნება, უფრო დეტალური ინფორმაცია გახდეს ხელმისაწვდომი. საინტერესოა, პარალელური იმპორტით შემოტანილი მედიკამენტებიც გაიგზავნება და შემოწმდება თუ არა. მივესალმები ინიციატივას, თუმცა სასურველია უფრო დეტალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“.

bfm.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …