ექსპერტთა გათვლებით, საქართველოში სულ რამდენიმე ლიდერი ფარმაცევტული კომპანიაა, რომლებსაც არსებული ბაზარი, ფაქტობრივად, გაყოფილი აქვთ და ფასწარმოქმნის ერთიან პოლიტიკას ატარებენ. ანალოგიური აზრი სუფევს საზოგადოებაში.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების ფასებისა და ხარისხის საკითხს ეხმაურება.
მისი აზრით, ბაზარზე მედიკამენტების ფასების ზრდის საკითხის დარეგულირება სახელმწიფოს პრეროგატივაა. „ეს ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკების გზით უნდა განხროციელდეს. კერძო კომპანიების საქმიანობაში ჩარევა მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკების გზითაა შესაძლებელი.
ასევე, ფასების დარეგულირება შესაძლებელია თავისუფალი კონკურენციითაც. ეს გზა ყოველთვის ამართლებს“, –ამბობს ვალერი გელაშვილი.
დეპუტატმა მედიკამენტების ხარისხის თემასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოში ბაზარზე არსებული მედიკამენტები დაბალხარისხიანია.
„რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, ევროპაში ხშირად მიწევს ვიზიტი და ძირითადად, იქ ვყიდულობ წამლებს, რადგან ჩვენთან მედიკამენტები ძალიან დაბალხარისხიანია.
აქტიური ნივთიერების შემცველობა ნაკლებია პროცენტულად და ამიტომ ნაკლებად მოქმედებს ადამიანის გამოჯანმრთელობაზე. მაქვს ამის გამოცდილება და ვიტყვი, რომ ჩვენ ფარმაცევტებს უხარისხო წამლები შემოაქვთ.
ამიტომ, მხოლოდ მივესალმები, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გაამკაცროს მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი. ვალდებულიცაა ასე მოიქცეს.
ჩემი აზრით, ეს ბიზნესსაც და კონკურენციასაც ერთდორულად შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.