რეფერენტული ფასების დაწესების შედეგად მედიკამენტების დეფიციტის რისკს ვერ ვხედავთ. ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო კობახიძემ განაცხადა.
„იმ პრინციპით, რა პრინციპითაც სახელმწიფომ განაცხადა, რომ პირველი ეტაპი შეეხება მხოლოდ ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მედიკამენტებს, ამწუთას დეფიციტის რისკს ვერ ვხედავთ. თუმცა გააჩნია, რა პერიოდულობით და როგორ გავრცელდება დანარჩენ სხვა მედიკამენტზე. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი. ხელმისაწვდომობა არ ნიშნავს მხოლოდ სიიაფეს. ეს ნიშნავს შესაძლებლობას ადამიანებისთვის, იმ დროს და იმ მომენტში სწორი მედიკამენტი შეიძინონ. შეიძლება იყოს იაფი, მაგრამ არ იყოს სათანადო ხარისხის. როდესაც ვსაუბრობთ ხელმისაწვდომობაზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ და არ ვვარაუდობთ, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს იაფი. მთავარია, ვებრძოლოთ პოლიფარმაციას, რომელიც ასე მოჭარბებულია დღეს საქართველოში და არაერთი ერთი და იგივე შინაარსის მედიკამენტი ინიშნება იმიტომ, რომ უბრალოდ პაციენტის ისტორია არ არსებობს შენახული და მოქალაქეები ოჯახის ექიმის არარსებობის გამო ძალიან ბევრ მოძრაობას აკეთებენ. ამიტომ ეს არ არის ერთჯერადი აქტი, რომ რეფერენტული ფასი დავაწესეთ და ამით პრობლემა მოვაგვარეთ. ეს უნდა იყოს განგრძობადი და ამას უნდა მოყვეს სამედიცინო ისტორიების, პოლიფარმაციასთან ბრძოლის კომპონენტი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც სამწუხაროდ დღეს ეფექტიანობით არ გამოირჩევა, ესაა რეცეპტების სქემა. უნდა შემოწმდეს, რამდენად სწორი რეცეპტი გაიცემა, რამდენად სწორი მედიკამენტი ინიშნება. ამის მიხედვით უნდა მოხდეს კონტროლი და არა იმის მიხედვით, რომელიღაც აფთიაქში ფარმაცევტმა გასცა თუ არ გასცა,“ – განაცხადა ნინო კობახიძემ.