ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების“ წევრი, თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ბუცხრიკიძე მედიკამენტების ფასებსა და ხარისხის კონტროლზე საუბრობს.
„დღევანდელი ხელისუფლება მოსახლეობას აიმედებდა, რომ პროდუქტები, მედიკამენტები გაიაფდებოდა, თუმცა პროცესები რადიკალურად განსხვავებულად წარიმართა – მედიკამენტები გაძვირდა.
ჯანდაცვის პროგრამები და რეფორმები არსებულ მდგომარეობას ვერ დაარეგულირებს, მით უფრო არსებული იმფლაციის ფონზე.
ეროვნული ვალუტა უკონტროლო გახდა. მედიკამენტები ძვირდება, მოსახლეობის მდგომარეობა უარესდება. მედიკამენტების ბაზარზე ფალსიფიკაცია და მონოპოლია სუფევს,“ – აღნიშნავს მაჟორიტარი დეპუტატი.
ამასთან, მიანიშნებს რომ სიტუაციის დასარეგულირებლად სუბსიდირების იდეა არამართებულია. „ეს თანხა კვლავ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გავა და სხვა მიმართულებებს დააკლდება.
ამიტომ უნდა დაველოდოთ, დალაგდეს მდგომარეობა, მოვიდეს ახალი, ნორმალური ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას აამუშავებს და ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ პრობლემებსაც დაარეგულირებს.
სახელმწიფო უუნაროა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით. ვერ აკონტროლებენ იმპორტს, არის ფალსიფიკაცია, მონოპოლია და აქედან გამომდინარე, ყველა მიმართულებით პრობლემა და გაურკვევლობა სუფევს“, – განაცხადა კახა ბუცხრიკიძემ.