მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ასე კატასტროფულად გაძვირება დანაშულია
მთელს მსოფლიოში კრიზისია და მოსახლეობას ძალიან უჭირს, მედიკამენტებზე ფასების ამ დონით გაძვირება დანაშაულია. სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩაერიოს ამ საკითხში.

მედიკამენტების ასე კატასტროფულად გაძვირება დანაშულია

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ “უნივერსის” მეან–გინეკოლოგმა ირაკლი მამამთავრიშვილმა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმები შეაფასა. 

ექიმმა მოკლედ ისაუბრა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

“ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ძალიან კარგია. თანამედროვე და ეფექტური ტენდენციები ნელ–ნელა ჩვენთანაც იწყებს დანერგვას, რის გამოც მოხარული ვარ. ზოგადად, ოჯახის ექიმის ინსტიტუტს ძალიან ბევრ ქვეყანაში წამყვანი ადგილი უჭირავს მედიცინის კუთხით. ერთადერთი პრობლემა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ჩვენს ქვეყანაში, არის რომ ოჯახის ექიმები გვყავს ძალიან ცოტა.

მოსახლეობას უწევს რიგში დგომა, რაც დისკომფორტს ქმნის. მითუმეტეს დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც მოსახლეობა შეშინებულია გრიპის ვირუსის ეპიდემიის გამო. ძალიან ბევრი ადამიანი მიდის როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობის მიზნით ოჯახის ექიმებთან. ასეთ შემთხვევაში დისკომფორტი ექმნება როგორც ექიმს, ასევე პაციენტს, რადგან ერთდროულად ამდენი პაციენტის მიღება წარმოუდგენელიც კია.

საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ ეს რეფორმა ძალიან კარგია, მაგრამ საჭიროა გამოსწორდეს აღნიშნული ხარვეზები, რაც ზემოთ ავღნიშნე“, – აღნიშნა მამამთავრიშვილმა.

რაც შეეხება საყოველთაო პროგრამებს, ექიმი მას სასარგებლოსა დ აუცილებელს უწოდებს.

„ეს მოსახლეობისთვის დროული და აუცილებელი იყო. იმ ადამიანებს, რომლებსაც საშუალება არ ჰქონდათ მიემართათ ექიმისთვის, ახლა უკვე უზრუნველყოფილები არიან ასეთი კვალიფიციური მომსახურებით. პაციენტები ძალიან კმაყოფილები არიან. ეს არის ძალიან დიდი, წინ გადაგმული ნაბიჯი. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული რეფორმა კიდევ დიდხანს გაგრძელდება”, – განაცხადა ირაკლი მამამთავრიშვილმა.

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ “უნივერსის” მეან–გინეკოლოგმა მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეპარატები საგრძნობლადაა გაძვირებული, რაც არასწორი და მიუღებელია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

“მედიკამენტები ძალიან გაძვირდა. იმ ფონზე, როდესაც მთელს მსოფლიოში კრიზისია და მოსახლეობას ძალიან უჭირს, მედიკამენტებზე ფასების ამ დონით მატება, ფაქტობრივად დანაშაულია. სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩაერიოს ამ საკითხში. ამბობენ და მართალიც არის, რომ სახელმწიფო ბიზნესში არ უნდა ერეოდეს, მაგრამ როდესაც საქმე ადამიანების ჯანმრთელობას ეხება, აქ უკვე ყველა გზა და ხერხი გამართლებულია. ასე გაგრძელება არ შეიძლება.

ბაზარზე გახშირდა ჯენერიკების შემოდინება და ნამდვილად მისაღებია, რადგან ბევრ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ორიგინალი მედიკამენტი. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ აუცილებელია სახელმწიფომ გააკონტროლოს ის ჯენერიკები, რომლებიც ბაზარზე შემოდის. მუდმივად უნდა ხდებოდეს ხარისხის გაკონტროლება სპეციალურად გამოყოფილი ორგანოსა და გუნდის მიერ“, – აღნიშნა მამამთავრიშვილმა.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …