სოციალურ ინიციატივას „რა გაწუხებთ?“ ერთობლივად ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და „გლობალური ალიანსი“ .
საზოგადოების სამედიცინო საჭიროებების განსაზღვრაში მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყო სპეციალური კითხვარების საშუალებით. კითხვარში ისეთი ძირითადი პრიორიტეტებია გამოკვეთილი, როგორიცაა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, პირველადი ჯანდაცვის განვითარება, უფრო მიწვდომადი სერვისები და ხარისხიანი ჯანდაცვა.
როგორ აფასებენ თავად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები სოციალურ ინიციატივას, კითხვით მივმართეთ კლინიკა „მედსის“ ოჯახის ექიმს მარინა საბაშვილს.
ქალბატონო მარინა, 22 იანვრიდან დაიწყო გლობალური ალიანსისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სოციალური ინიციატივა რა გაწუხებთ?, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის გამოკითხვას ჯანდაცვისს აჭიროებებთან დაკავშირებით.
-რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი გამოკითხვის ჩატარება ჯანდაცვის პოლიტიკის სრულყოფისა და ჯანდაცვაში არსებული პრობლემების გამოსავლენად?
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუ ამ გამოკითხვის შედეგები იქნება კარგად გაანალიზებული, ყველა არსებული პრობლემა გამოიკვეთება და გადაწყდება. მოსახლეობა თავად იტყვის თუ რამე აწუხებს, პრიორიტეტულ პრობლემებს გამოკვეთს, მაგრამ სათქმელი დღეს იმდენი არ იქნება რაც წლების წინ იყო, იმდენად ბევრი რამ მოგვარდა.
-თქვენი აზრით, რომელია ყველაზე სერიოზული პრობლემები, რომელსაც დღეისათვის ჯანდაცვის სისტემა აწყდება?
ექიმის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი პრობლემა დაფინანსებაა, ხოლო პაციენტს რაც შეეხება, მე მგონია რომ პაციენტი დღეს ყველაზე კარგ მდგომარეობაშია, 30 წლის წინაც ექიმი ვიყავი და მახსოვს რა უკეთდებოდა პაციენტს და ახლაც ექიმი ვარ და შედარებაა არაა, ძალიან სერიოზული წინსვლაა.
-რა არის ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები?
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს უკვე შეუძლია მომართოს ექიმს და გაიკეთოს პრევენციული ღონისძიებები, რაც სჭირდება. თუნდაც ამ გრიპის ეპიდემიის დროს, მათ აქვთ ყველანაირი საშუალება, მოვიდნენ, ჩაიტარონ პრევენციული ღონისძიებები. სწორედ ამიტომ არ მივიღეთ დღეს ეპიდემია, რადგან ეს ყველაფერი ახლა ხელმისაწვდომია.
-რას ელოდებით ჯანდაცვის რეფორმისაგან, რა ძირითადი პრობლემები უნდა გადაჭრას მან?
მე ველოდები სამედიცინო პერსონალის ცოტა მეტად დაფასებას. ექიმის და ექთნის პრობლემა რჩება. მჯერა, ნელ-ნელა ესეც გამოსწორდება.