ფარმაცევტულ კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროსთვის ინფორმაციის გაზიარების ვალდებულება დაუწესდათ, მაგრამ მაკონტროლებლის მხრიდან სათანადოდ არაა უზრუნველყოფილი უნივერსალური ტექნიკური ბაზა ამ პროცესების გამართულად ასამუშავებლად. ამავდროულად ხდება მეწარმეებისთვის გამაფრთხილებელი ოქმების გამოწერა, რაც უკვე საჯარიმო სანქციების წინაპირობაა. ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციაში ჩართული პირების მიერ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტის მიწოდების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 15 თებერვალის №9/ნ ბრძანების თანახმად, კომპანიებს დაუწესდათ ვალდებულება ინფორმაციის ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაზიარების თაობაზე, მაგრამ სექტორისთვის არ იყო შემუშავებილი და შეთავაზებული უნივერსალური პროგრამა (მაგ.: როგორიცაა RS). მიუხედავად ბიზნესის დაჟინებული მოთხოვნისა და მცდელობისა, რომ მოხდეს გონივრულ ვადებში და სწორი მეთოდით პროექტის გაშვება, მაკონტროლებლის მხრიდან არაა უზრუნველყოფილი სათანადოდ უნივერსალური ტექნიკური ბაზა ამ პროცესების გამართულად ასამუშავებლად. რეალურად არსებული პრობლემების იგნორირებით ხდება მეწარმეებისთვის გამაფრთხილებელი ოქმების გამოწერა, რაც უკვე საჯარიმო სანქციების წინაპირობაა. სამწუხაროდ, მარეგულირებელი უკვე იღებს დამსჯელობითი ორგანოს ფორმას, რაც საბოლოოდ მოსახლეობისთვის და ამ სფეროში დასაქმებული პირებისთვის პირდაპირი ზიანის მიღების პირობა გახდება.
ასოციაციის წევრი კომპანიები მაქსიმალურად გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველანაირ მექანიზმს იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის მოსახლეობის მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უწყვეტად უზრუნველყოფა და კვალიფიციური მომსახურეობის გაწევა,“- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ: ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მედიკამენტების რეალიზატორებმა ჯანდაცვის სამინისტროს პროდუქტების ბრუნვის შესახებ მონაცემები უნდა გაუზიარონ, 15 მარტიდან ამოქმედდა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პლატფორმის მიზანი წამლების მარაგებისა და პროდუქციის ფასების შესახებ უწყების ინფორმირებაა.
ფარმაცევტულმა სექტორმა პროგრამის გაშვების დღეებშივე განაცხადა, რომ სისტემა ხარვეზებით მუშაობს. ამაზე კი ჯანდაცვის მინისტრმა სექტორს საპასუხო ბრალდებები წაუყენა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანია არღვევს სისტემაში ინტერგაციის ვალდებულებას და არ არის ჩართული რეგულირების სააგენტოს ბაზაში. ამასთან, მინისტრის თქმით, აღნიშნულ სისტემაში ინტეგრაციის გადავადება, კომპანიების მოთხოვნის მიუხედავად, არ მოხდება.
„არანაირი გადავადება არ იქნება. ყველანაირი გონივრული ვადა გასულია. ჩვენგან ყველანაირი მხარდაჭერა ჰქონდათ. ჩვენი აიტი სააგენტო ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს იყო მზად, რომ სისტემაში მათი ინტეგრაციები გაეკეთებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთი დღესაც არღვევს ამას, არ არის ჩართული რეგულირების სააგენტოს ბაზაში და მოგვიწევს შესაბამისი გაფრთხილების მიცემა და დაჯარიმება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.