საყოველთაო ჯანდაცვაში წამლის კომპონენტი, სავარაუდოდ, წელსვე გაჩნდება.მედიკამენტების ფასებისა და ხარისხის თემას ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი მალხაზ წერეთელი გამოეხმაურა.
„მე საექიმო პრაქტიკას აღარ ვეწევი, უკვე სამი წელია. თუმცა რაიმე სერიოზული პრეტენზიით მოქალაქე ჩემამდე არ მოსულა, რომ რომელიმე წამალი ცუდად მოქმედებს მასზე. ასეთი ნამდვილად არ შემხვედრია. ასეთი რამის დამალვა არ შეიძლება და ვერც დამალავ.
მედიკამენტების ხარისხზე პრეტენზია არ არის მოსახლეობაში, რასაც ვერ ვიტყვით ფასებზე. ის უამრავი სოციალური პაკეტი, რაც მოქმედებს, იმასაც გულისხმობს, რომ მოსახლეობას მედიკამენტების კუთხითაც ექნება შეღავათი. სწორედ ამ კუთხითაა მიმართული სოციალური პროექტები.
რომ ავიღოთ C ჰეპატიტი, დაახლოებით ორასი ათას ადამიანამდე მოუწევდა თავად შეეძინა ის პრეპარატები, რომლითაც ახლა მკურნალობენ. განა რამდენი მოახერხებდა ამას? – ეს ხომ არის დიდი შეღავათი? ის, რომ შემოდგომაზე რეზისტენტული ფორმების წამლები შემოდის და სახელმწიფო, ფაქტობრივად, უფასოდ მიაწოდებს ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს, ესეც უზარმაზარი პროგრამაა.
მედიკამენტების თემატიკაზე ისედაც მუშაობს ჯანდაცვის კომიტეტი და სავარაუდოდ, წელსვე გაჩნდება საყოველთაო ჯანდაცვაში წამლის კომპონენტი. C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის შემთხვევებში, მედიკამენტების შეძენის ხარჯები თითქმის მოხსნილია.სახელმწიფო თავის საქმეს აკეთებს იმ ბიუჯეტისა და სახსრების, იმ ეკონომიკის პირობებში, რომელიც ჩვენთანაა. ვცდილობთ წინსვლას და დარწმუნებული ვარ, შედეგი თვალასჩინო იქნება“, – განაცხადა მალხაზ წერეთელმა.