მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მაია ბუწაშვილი: „საქართელოში ადამიანები არნახული რაოდენობით მედიკამენტებს მოიხმარენ“

მაია ბუწაშვილი: „საქართელოში ადამიანები არნახული რაოდენობით მედიკამენტებს მოიხმარენ“

საქართველოს მოსახლეობა უამრავ „მისაყოლებელ“, ე.წ. „დამცავ“ წამალს მოიხმარს. ძირითადად სრულიად უსარგებლოდ და ისედაც საოცარი რაოდენობით მიღებული წამლების გვერდით მოვლენებს ამ „დამცავების“ გვერდითი მოვლენებიც ემატება.

ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს.

“მართლაც არნახული რაოდენობით მედიკამენტებს მოიხმარენ ადამიანები.

პაციენტთა ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებით არის მრავალწამლიანობის მსხვერპლი, არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მქონე ადამიანები. ზოგჯერ თვითმკურნალობა ხდება მეზობლების და მეგობრების რჩევით („მეც ზუსტად ეგეთი გამონადენი მოვირჩინე ამ წამლებით“) და სრულიად გაურკვევლად, იმის მიუხედავად, რა გამონადენია, რა იწვევს, ხდება ამ გამოცდილების საშიში კოპირება.

ხშირად ამის მიზეზი ის არის, რომ გენიტალური სისტემის სიმპტომები, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, ადამიანებს დიდხანს აწუხებთ და გარკვეული უხერხულობის გამო თავს არიდებენ სამედიცინო სერვისების მიღებას. ურჩევნიათ მეგობრის რჩევას დაუჯერონ. ეს განსაკუთრებით ხშირად გვხვდება თინეიჯერებში, რომლებიც მშობლებს არ უმხელენ და თვითონ ცდილობენ გარკვევას, სად მივიდნენ და ზოგჯერ არაკეთილსინდისიერი „სპეციალისტების“ ხელშიც ვარდებიან, სადაც უამრავი არასაჭირო კვლევა და ათობით მედიკამენტი ენიშნებათ.

ასეთი „გაწვალებული“ პაციენტების ხელში ზოგჯერ იმსიგრძე დანიშნულებაა ხოლმე, რომ თვალებს ვერ ვუჯერებ, ზოგჯერ საერთოდ დიაგნოზთან კავშირში არმყოფი წამლებით.

ჯერ კიდევ პოპულარულია ისეთი კვლევები, რომლებიც ცივილურ ქვეყნებში აღარ გამოიყენება. ასევე, მანიპულაციები, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნებში ვერსად ნახავთ (რაც ჩვენთან პროსტატის ჯირკვლებს მასაჟები უკეთდება და საშოებს გამორეცხვები, გინესის რეკორდებში ვართ შესატანი ამ სრულიად გაუგებარი პროცედურების რაოდენობით).

ადრეც ვწერდი და გავიმეორებ, რომ გარდა ძირითადი მედიკამენტებისა, უამრავ „მისაყოლებელ“, ე.წ. „დამცავ“ წამალს მოიხმარს ჩვენი მოსახლეობა, ძირითადად სრულიად უსარგებლოდ და ისედაც საოცარი რაოდენობით მიღებული წამლების გვერდით მოვლენებს ამ „დამცავების“ გვერდითი მოვლენებიც ემატება.

არ ვიცი ამას ვისი მისამართით ვწერ, ალბათ ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც ასეთ საკითხებზე მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს, მაგრამ პაციენტებსაც ჭირდებათ შეხსენება, რომ თვითმკურნალობას ნუ ეწევიან და ექიმებისგანაც გაუთავებლად ნუ მოითხოვენ სხვადასხვა არასაჭირო წამლების დანიშვნას, მათ შორის „დამცავების“ – წერს მაია ბუწაშვილი.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …