ჯანდაცვის სამინისტრომ, მედიკამენტებზე ფასების რეგულირების მიზნით, ფარმაცევტულ ბაზრაზე ჯენერიკ- მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება და მათი დიდი რაოდენობით შემოსვლა დაანონსა. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ექიმ–ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გამოეხმაურა.
„ჩემი აზრით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მეტი მოთამაშის გამოჩენასთან დაკავშირებით, მისაღები და მისასალმებელია. ამ ფონზე შექმნილი მდგომარეობა კონკურენციას გაზრდის, შეამცირებს მონოპოლიას თუ ოლიგოპოლიას და მედიკამენტებს გააიაფებს.
ერთადერთი საფრთხის შემცველი ის გახლავთ, რომ ნამდვილად ხარისხიანი ჯენერიკები შემოვიდეს და მათზე კონტროლი გამკაცრდეს. თუ საერთაშორისოდ აღიარებული ჯენერიკები შემოვა ქართულ ბაზარზე, მივესალმები ამ ტიპის სიახლეს. ზუსტად რომელი ქვეყნებიდან აპირებენ ახალი ჯენერიკების შემოტანას, არ ვიცი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, მაგალითად, ინდური წარმოების მედიკამენტებზე, რომ დღეს ნამდვილად არის რესპექტაბელური ინდური კომპანიები, რომელთა წამოებულ წამლებს დასავლეთის ქვეყნებიც იყენებენ. ის, რომ წამალი ინდურია, ავტომატურად არ გულისხმობს იმას, რომ ხარისხი დაბალია.
მთავარი გახლავთ ქვეყანაში ხარისხის კონტროლის გამკაცრება და საეჭვო წამლების რეგისტრაციის თავიდან მაქსიმალურად არიდება“, -განაცხადა მაია ბუწაშვილმა.