მთავარი » სოციალური » შრომა » ლევან ჟორჟოლიანი: შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტი მზადაა

ლევან ჟორჟოლიანი: შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტი მზადაა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ჩამოყალიბდა. დეპარტამენტმა დამოუკიდებელი სახე ორი კვირის წინ მიიღო და როგორც მისი ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი „აიპრესთან“ აცხადებს, ახლა მისი სტრუქტურის შემქნა მიმდინარეობს.

როგორც ლევან ჟორჟოლიანი აცხადებს შრომის ინსპექტირების პროგრამამ საპილოტე ეტაპი ამოწურა და დეპარტამენტის შექმნა ეფექტური შრომის ინსპექციისკენ გადადგმული ნაბიჯია.

რა მექანიზმები არსებობს დღეს შრომის ინსპექციისთვის, გახდება თუ არა ინსპექცია სავალდებულო, რისი შეცვლაა შესაძლებელი უკვე 2017 წელს, როდის შევა პარლამენტში ახალი კანონპროექტი, რომლითაც შრომის კოდექსში არსებული ჩანაწერი უფრო მეტად დაკონკრეტდება და რა კონკრეტული საკითხები იქნება მასში გაწერილი, ამ საკითხებთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „აიპრესთან“ ისაუბრა.

საქართველოში სამუშაო ადგილებზე არსებული პრობლემების გათვალისწინებით, დეპარტამენტს წინ დიდი სამუშაო აქვს, ყველაზე დიდი გამოწვევა კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავებაა. ლევან ჟორჟოლიანთან ინტერვიუც სწორედ ამ ხაზს მიჰყვება და საუბარიც რკინიგზაში ტრამვის მიღების შედეგად 63 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტით დავიწყეთ. 

ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ პირს  ზიანი მიადგა სამი კვირის უკან, თუმცა გარდაცვალების ფაქტი დღეს დადგა, შესაბამისად , შრომის ინსპექცია დღეს ამ ფაქტზე მივიდეს რკინიგზის კონკრეტულ ლიანდაგთან და ინსპექტირება განახორციელოს, ამას პრაქტიკული დატვირთვა ვერ ექნება, რადგან დიდი ხანია გასული შემთხვევიდან.

ჩემთვის როგორც ცნობილია, კოჭზე გადაურა მატარებელმა, შესაბამისად, ამპუტაცია დაჭირდა და სისხლის დაკარგვის შედეგად გარდაიცვალა. ეს უფრო გამოძიების პრეროგატივაა, რადგან გარდაცვალების ფაქტი დადგა. რამდენად გაუფრთხილებლობის შედეგი იყო თუ რაღაც პირობების, მაგალითად უსაფრთხოების პირობების დაუცველობის“,-აცხადებს ლევან ჟორჟოლიანი.

ინსპქციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მსგავსი ინციდენტის შემთხვევაში უსაფრთხოების პირობების შემოწმება მშენებლობაზე უფრო მარტივია, ხოლო ამ შემთხვევაში რკინიგზის ინსპექტირებას პრაქტიკული შედეგი არ ექნება.

 –ფაქტობრივ გარემოებებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუ მაგალითად მშენებლობაზე დადგა გარდაცვალების ფაქტი, ინსპექტორებისთვის ძალიან მარტივია უსაფრთხოების თვალსაზრისით დაცულია თუ არა უსაფრთხოების ნორმები, იმიტომ რომ კონკრეტული სამშენებლო ობიექტი გვაქვს სახეზე, მაგრამ როცა გვაქვს ფაქტი, რომ მატარებელმა გადაუარა ადამიანს ფეხზე, ლიანდაგზე, ამ შემთხვევაში უსაფრთხოება რამდენად იყო თუ არ იყო დაცული, ან რისი შედეგი იყო, ეს ფაქტობრივი გარემოება გამოძიებამ უნდა დაადგინოს და შემდეგ უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება მოგვმართოს ჩვენ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან, უნდა გვითხრან რომ მაგალითად რაღაც აღჭურვილობა უნდა  ჰქონოდა და არ ჰქონდა და ამიტომ მოხდა ეს, არის თუ არა ეს დარღვევა, შეუძლიათ ასე მოგვმართონ. ახლა როცა იქ არაფერია, არის ლიანდაგი….

ახლა რომ ჯგუფი გავუშვათ იქ დაგვხვდება ლიადაგი და შეიძლება რამდენიმე ადამიანი, რომელიც იქ მუშაობს, თუმცა დაზიანების და სიკვდილის ფაქტი რამ გამოიწვია, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუ სურს გამოძიებას წაიყვანოს შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით, მაშინ შეუძლია მოგვამართოს.

მშენებლობაზე უფრო მარტივად არის შესაძლებელი ამის დადგენა. იქ არის ფაქტი უბედური შეთხვევის და ის მშენებლობა არსად მიდის, ის პირობებიც არ იცვლება ესე ერთ საათში და ორ საათში, ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ ხოლმე. თან აქ ძალიან დიდი დრო არის გასული ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის და ახლა გახდა ეს ჩვენთვისაც ცნობილი გარდაცვალების ფაქტი. დაშავების ფაქტზე ჩვენ ინფორმაცია არ გვქონია.

ზოგადად როგორ მოდის თქვენამდე ინფორმაცია დარღვევისა თუ უბედური შემთხვევის შესახებ?

შეტყობინების სახით, ან გამოძიება გვაწვდის, ან იქ დასაქმებულები, ან პრესა. ყველა ობიექტზე ვერ გვეყოლება ჩვენი წარმომადგენელი, რომ ინფორმაცია მოგვაწოდოს.

ჩვენ ახლაც შეგვიძლია მოვიკითხოთ რა მოხდა კომპანიის წარმომადგენლებთან, თუმცა რადგან უკვე გარდაცვალების ფაქტია დამდგარი და გამოძიებაა ჩართული, გამოძიება უფრო კვალიფიციური იქნება დაადგინოს, თუ რამ გამოიწვია კონკრეტული ზიანი.

გამოძიებაზე როცა ვსაუბრობთ, გავიხსენებ ომბუდსმენის განცხადებას, სადაც ხაზგასმული იყო, რომ ასეთი შემთხვევების დროს მხოლოდ გამოძიების დაწყება არ არის ეფექტური საშუალება მათი პრევენციისთვის. საუბარია იმაზე, რომ უნდა არსებობდეს შრომის ინსპექციის და უსაფრთხოების ნორმების უფრო მაღალი სტანდარტები.

როცა ვსაუბრობთ შრომის ინსპექციაზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი ფაქტი, რომ შრომის ინსპექცია 2006-დან 2015 წლამდე რეალურად არ არსებობდა როგორც ინსტიტუტი. წელიწადნახევარიც არ არის რაც ფუნქციონირებს. ორი კვირაა რაც მიიღო დეპარტამენტის სახე სამინისტროში, მანამდე იყო საპილოტე პროგრამა. ახლა დამტკიცდება შრომის ინსპექციის სტრუქტურა, შესაბამისად ეს არის უკვე ერთი ნაბიჯი გადადგმული იმისკენ რომ შრომის ინსპექციის ინსტიტუციონალიზაცია უფრო ფართო მასშტაბზე გადავიდეს. თუმცა, წელიწადნახევარი იყო აუცილებელი იმისთვის, რომ შრომის ინსპექტორებს მიეღოთ გამოცდილება, პროფესია შრომის ინსპექტორი საქართველოში არ არსებობს. 300-მდე ობიექტი გვაქვს შემოწმებული ერთი წლის მანძილზე 25 ინსპექტორის მეშვეობით. ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციებს ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კომპანიას და ვაკეთებთ შემდეგ განმეორებით მონიტორინგს. ვნახულობთ გაითვალისწინეს თუ არა. სრულყოფილი ინსპექციის შემქნა წელიწადნახევრის განმავლობაში, მაშინ როცა 9 წლიანი წყვეტა იყო, შეუძლებელია. თუმცა, ჩვენ ვგეგმავთ 2017 წელს ინსპექციასთან დაკავშირებით საკმაოდ პოზიტიურ ძვრებს.

არსებობს სტატისტიკა დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვთან დაკავშირებით, რომელიც ასევე არის მყარი არგუმენტი იმისა, თუ რა ბერკეტები უნდა გადაეცეს შრომის ინსპექციას შემდგომი განვითარებისა და პრევენციისთვის. ჩვენ ინსპექტორებს ვამზადებთ, კვალიფიკაციას ვუმაღლებთ, რომ შემდეგ მათ მიერ დაწერილმა დასკვნამ უკვე  რაღაც სანქცია დაადოს, ან მინიმუმ გააფრთხილოს მაინც დამსაქმებელი მომავალში და ეს გარდაუვალი პროცესია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ამის ვალდებულება და მათი დასკვნა უნდა იყოს ექსპერტული და არ იყოს მოყვარულის დონეზე დაწერილი დასკვნა უსაფრთხოების ნორმებზე.

რეფორმირების პროცესი დაიწყო უკვე ორი კვირაა და გამოიხატა იმაში რომ ყალიბდება სტრუქტურა, რომელსაც ჰყავს თავისი დეპარტამენტის უფროსი, არ არის სხვა დეპარტამენტის ქვეშ დაქვემდებარებული პროგრამა, არის ცალკე დამოუკიდებელი დეპარტამენტი, რომელიც აუცილებლად ძალიან დიდ მიღწევებს დადებს ამ საქმეში. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებებიც, რომლის მოცულობითი ნაწილი ეხება ინსპექციასაც. ასე რომ ინსპექცია იქნება სავალდებულო და იქნება უფრო ძლიერი და ეფექტური, ვიდრე დღეს არის.

როდიდან გახდება სავალდებულო შრომის ინსპექცია, მოესწრება თუ არა ეს 2017 წელს?

ამას ვერ დაგიანონსებთ, იმიტომ რომ კონსულტაციები  მიმდინარეობს ამაზე მუდმივად, როდის შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება. თუმცა რეალურად ინსპექციის გაძლიერება არის გარდაუვალი და ინსტიტუციონალიზაციის პროცესი ყოველდღიურად მიმდინარეობს. ორი კვირაა რაც დავინიშნე დეპარტამენტის უფროსად, მანამდე ეს იყო პროგრამა და ექვემდებარებოდა შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტს, დღეს ეს უკვე დამოუკიდებელი დეპარტამენტია. შრომის ინსპექციამ საპილოტე მომენტი რაღაც ნაწილში უკვე ამოწურა, თუმცა კვლავ სჭირდება გამოცდილების დაგროვება.

როგორ მუშაობს ამ ეტაპზე შრომის ინსპექცია, რამდენად არის ინსექტირებისთვის ნებართვა საჭირო თავად კომპანიიდან?

ამ მონეტისთვის ინსპექციის მუშაობა შეგიძლიათ ნახოთ ორ ნაწილად, ერთი არის ტრეფიკინგის და ექსპლუატაციის მიმართულებით და მეორე არის უსაფრთხოების მიმართულებით, ტრეფიკინგის ფაქტზე თუ შემოვიდა შეტყობინება, ჩვენ არ გვჭირდება დამსაქმებლის ნებართვა, ვამოწმებთ ნებართვის გარეშე, თუ დანაშაულის ნიშნები აღმოჩნდა, ვაგზავნით პროკურატურაში. ტრეფიკინგი იურიდიული კატეგორიაა. უსაფრთხოების ნორმების კუთხით ინსპექტირებაზე ნებართვა გვჭირდება.

თუმცა უსაფრთხოებაზე დამოკიდებულია ადამიანის სიცოცხლე ხშირ შემთხვევაში, არანაკლებ მნიშვნელოვანი კატეგორიაა

მე ვსაუბრობ შემოწმების თვალსაზრისით, ტრეფიკინგი იურიდიულ კატეგორიას მიეკუთვნება. ნებისმიერ იურისტს რომელსაც აქვს იურიდიული განათლება შეუძლია აღმოაჩინოს ტრეფიკინგის ნიშნები. ხოლო უსაფრთხოება მოიცავს უამრავ პროფესიებს,. ამ ნორმების დარღვევა არ დარღვევა არის ტექნიკური ნაწილი, რომელშიც ჩართულები არიან ექიმები, იურისტები, ინჟინრები, იმიტომ რომ როგორც ესეთი ცალკე შრომის ინსპექტორი ასეთი პროფესია არ არსებობს საქართველოში.

როდის ხდება განმაორებითი მონიტორინგი კომპანიაში და განმეორებით დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში თუ გასცემთ სანქციას?

ჩვენ შევდივართ იმ კომპანიაში განმეორებით, რომელშიც ერთხელ უკვე ვიყავით, გაცემული გვაქვს რეკომენდაციები. დავიჭერთ ამ რეკომენდაციებს, მივდივართ და ვნახულობთ შედეგის თვალსაზრისით გაითვალისწინეს თუ არა ეს რეკომენდაციები. სანქცია არ არსებობს, იმიტომ რომ საპილოტეა ეს პროგრამა ამ ეტაპზე, როგორც კი გადაწყვეტილება მიიღება ინსპექციასთან დაკავშირებით მერე შეიძლება ვისაუბროთ სანქიციებთან დაკავშირებით.

მომავალში როგორც გადაწყედება საქნციების საკითხი?

ინსპექცია რომელიც არის სრულყოფილი, სანქციების გარეშე არ არსებობს და ამისკენ მივდივართ, თუმცა ეს სანქცია რა სახის იქნება ეს მეორე საკითხია, ჩვენ უნდა დავიცვათ ოქროს შუალედი ერთის მხრივ ადამინის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და უსაფრთხო შრომითი გარემო, მეორე მხრივ ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ იმ შრომის ინსპექციას, რომელსაც ადრე მაგალითად 2006 წლამდე იყენებდნენ გარკვეული ზეწოლისთვის. სანქცია შეიძლება იყოს დამოკიდებული დარღვევის სიმძიმეზე, ადამიანთა რაოდენობაზე რომლებიც დასაქმებულნი არიან კომპანიაში, ძალიან ბევრი ფაქტორია, რამაც შეიძლება გამოიყვანოს სანქცირების მექანიზმი რა და როგორ იქნება, თუმცა რა ვადებში იქნება ეს ვერ გიკონკრეტებთ, თუმცა თუნდაც, ევროკავშრთან ასოცირების ხელშეკრულება ჩვენ ვალდებულებებს გვაკისრებს გარკვეულ ვადებში, მაგალითად 2020 წლამდე გვაქვს რაღაც ვალდებულებები შესასრულებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ 2020 წლამდე არ შეიძლება, თუნდაც 2017 წელს საკანონმდებლო ბაზის შექმნა.

2017 წელს უნდა ველოდოთ კონკრეტულ ცვლილელებს, კანონმდებლობას ამ მიმართულებით?

2017 წელს იქნება კონკრეტული ძვრები ამ მიმართულებით.

როცა ინსპექციის პროგრამა ამოქმედდა, იქ დადგენილებაში გაიწერა, რომ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ შესაბამისი სტანდარტების შემუშავება-გადასინჯვა დაევალება მონიტორინგის ფარგლებში არსებულ ჯგუფს, ასევე საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება, ასევე იყო გაწერილი შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტიტუციონალური რეფორმის საჭიროების განსაზღვრაზე, რამდენად მოხდა ამ ყველაფრის გათვალისწინება, ხომ  არ გვაქვს უკვე საკანონმდებლო წინადადები ამ მიმართულებით?

რა საკვირველია, სამმხრივ ფორმატში დამსაქმებლებთან და დასაქმებულებთან ერთად, ინსპექციამ საპილოტე პროგრამის პერიოდში ამავდროულად შექმნა შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონი, ეს უკვე გამზადდა, საბოლოო სახე მიიღო, დარჩენილია ტექნიკური ნაწილი, მთავრობისთვის ამის გადაცემა და შემდეგ უკვე პარლამენტში ინიცირება.

დაახლოებით თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით? რა იქნება ახალ კანონპროექტში გაწერილი?

ეს ახალი კანონპროექტი ძალიან ბევრ ვალდებულებებს უწესებს დამსაქმებელს უსაფრთხოების კუთხით. ეს ვალდებულებები უამრავია, მაგრამ შემიძლია რამდენიმე ჩამოგითვალოთ. მაგალითად: რისკების შეფასება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების გეგმის არსებობა კომპანიაში, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ყოლის ვალდებულება კომპანიაში. ასევე ტექნოლოგიურად კომპანიის გამართვა უსაფრთხოების თვალსაზრისით, დასაქმებულების აღჭურვა შესაბამისი ინვენტარითა და ეკიპირებით თუ ეს საჭიროა უსაფრთხოების სტანდარტის ასაწევად. მთელი რიგი საკითხები იქნება გაწერილი, მათ შორის დამსაქმებლის ვალდებულება დასაქმებულისთვის უსაფრთხოების გეგმის გაცნობის, მისი ცნობიერების ამაღლების საკითხში. საკმაოდ მაღლა იწევა სტანდარტი, უფრო დაკონკრეტდა ის მუხლები, რომელიც შრომის კოდექსში გვაქვს ზოგადი სახით ჩამოყალიბებული უსაფრთხოების თვალსაზრისით.

შრომის კოდექსში ჩანაწერი არის ძალიან ზოგადი დღეს და ამ კანონით კონკრეტდება რა იგულისხმება უსაფრთხო შრომაში. შრომის კოდექსი არის ორგანული კანონი, შეიძლება იქ გვქონდეს ჩვენ ჩანაწერი, რომელიც შემდეგ შეიძლება დაკონკრეტდეს სპეციალური კანონით და ეს სპეციალური კანონპროექტი ზუსტად ის არის, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ.

როდის იგეგმება უკვე ამ კანონის ინიცირება პარლამენტში?

ჩემი ინფორმაციით, ამ წელსვე  ახალი შემადგენლობის პარლამენტს უკვე უნდა გადაეცეს აღნიშნული კანონპროექტი.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა „აიპრესს“ იმ დარღვევების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მონიტორინგის ჯგუფმა 2016 წელს როგორც თბილისში ასევე რეგიონებში დააფიქსირა. აქვე დარღვევების სტატისტიკაც 2015-2016 წლებში:

„შრომის პირობების ინსპექტირების  დეპარტამენტის მიერ  2016 წლიდან მარტიდან 2016 წლის სექტემბრამდე   შემოწმებული  კომპანიები (90-ზე მეტი ობიექტი) იყოფიან შემდეგ სფეროებად: ნავთობგადამუშავება, სამედიცინო, სამშენებლო, ტურიზმი, დისტრიბუცია, საიუველირო,  კვების, სამთო, მძიმე და მსუბუქ მრეწველობად.

ინსპექტირებამ  მოიცვა როგორც თბილისი ასევე რეგიონები. (იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, კახეთი, შიდა და ქვემო ქართლი, დაახლოებით 50  ობიექტი რეგიონებში)

ინსპექტირების განხორციელების პროცესში ჯგუფების მიერ გამოვლენილ იქნა შემდეგი სახის ძირითადი დარღვევები:

 თბილისი

  • სახანძრო უსაფრთხოების სისტემის არარსებობა – 21
  • ელექტრო უსაფრთხოების დაუცველობა – 23
  • ინდ. დაცვის საშუალებების არ არსებობა 18
  • კოლექტიური დაცვის სისტემის გაუმართაობა 18
  • მიკროკლიმატის დაუცველობა – 16
  • შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არარსებობა -21
  • ნარჩენების გატანა და უტილიზაცია- 6
  • სადეზინფექციო საშუალებების არარსებობა – 5
  • მომეტებული საწარმო ხმაური – 14
  • მომეტებული მტვრიანობა – 11
  • არასაკმარისი განათება – 12
  • ერგონიმიკული პრობლემები და სხვა – 14

რეგიონები

  • სახანძრო უსაფრთხოება სისტემის არარსებობ -40
  • ელექტრო უსაფრთხოების დაუველობა – 36
  • ინდ. დაცვის საშუალებების არ არსებობა -28
  • კოლექტიური დაცვის სისტემის გაუმართაობა -10
  • მიკროკლიმატის დაუცველობა -20
  • შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არარსებობა – 18
  • ნარჩენების გატანა და უტილიზაცია -4
  • სადეზინფექციო საშუალებების არარსებობა  – 0
  • მომეტებული ხმაური – 42
  • მომეტებული მტვრიანობა – 36
  • არასაკმარისი განათება- 2
  • ერგონიმიკული პრობლემები და სხვა -31

ხოლო  2015 წელს  ქვეყნის მასშტაბით შემოწმებული  78 კომპანიის 120 ობიექტში გამოიკვეთა შემდეგი სახის პრობლემები:

  • ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არ არსებობა __ 49
  • ელექტროსისტემების გაუმართაობა __53
  • ინდ. დაცვის საშუალებების არ არსებობა __34
  • კოლექტიური დაცვის სისტემის გაუმართაობა __27
  • პროფესიული დაავადებების მაღალი რისკი __4
  • მიკროკლიმატის დაუცველობა __18
  • შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არ არსებობა __27
  • ნარჩენების გაუტანლობა და უტილიზაცია __4
  • სადენზინფექციო საშუალებების არასწორი მოხმარება _6
  • მომეტებული საწარმოო ხმაური __10
  • მომეტებული მტვრიანობა __6
  • არასაკმარისი განათება __3
  • ერგონომიული პრობლემები და სხვა __7“ 

ipress.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …