უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-მაისში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 262 მილიონი დოლარი და მთელი იმპორტის 9 პროცენტი შეადგინა. გასულ წელს სამკურნალო საშუალებების იმპორტს მთლიან მოცულობაში 3,5 პროცენტი ეჭირა.
საქსტატის ინფორმაციით, სამკურნალო საშუალებების იმპორტმა ნავთობპროდუქტების ჯგუფს გაუსწრო. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 242 მილიონი დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო, გასული წლის 10 პროცენტის ნაცვლად.
მონაცემების ცვლილებას ორ ფაქტორს უკავშირებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია. მისი თქმით, ერთის მხრივ C ჰეპატიტის ემილინაციის პროგრამამ და მეორეს მხრივ ლარის კურსის გაუფასურებამ მონაცემების მკვეთრი ცვლილება გამოიწვია.
როგორც კვარაცხელია აღნიშნავს, მხოლოდ C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამის ფარგლებში საქართველოში 334 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტი შემოვიდა. სპეციალური მედიკამენტის ქარხანა ამერიკაში მდებარეობს, თუმცა მისი იმპორტი ირლანდიიდან ხორციელდება, რის გამოც მკვეთრად მოხდა იმპორტიორ ქვეყნებს შორის ირლანდიის დაწინაურებაც.
რაც შეეხება ლარის კურსს, კვარაცხელიას თქმით, მას შემდეგ რაც კურსმა გაუფასურება დაიწყო, ფარმაცევტულმა კომპანიებმა მარაგების გაკეთება დაიწყეს.
“მსგავს ზრდას ორ ფაქტორს ვუკავშირებთ. პირველი არის ის რომ, C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებების დიდი რაოდენობის შემოსვლა მოხდა ქვეყანაში. მედიკამენტები უფასოა, თუმცა მათი რეგისტრაცია ხდება.
როგორც გვაქვს ინფორმაცია, ფარმაცევტულმა კომპანიებმა, ლარის კურსის მერყეობის გამო, პატარ-პატარა მარაგები შეიქმნეს, იმისთვის რომ სამომავლოდ პრობლემა აეცილებინათ თავიდან“, – აცხადებს კვარაცხელია “აიპრესთან” საუბრისას.
კვარაცხელიას ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ბაზარზე ახალი მედიკამენტების რეგისტრაცია არ გაზრდილა, რაც მონაცემებზე გავლენას ვერ იქონიებდა. მისივე თქმით, C ჰეპატიტის მკურნალობის მხოლოდ ერთი კურსი 84 ათასი ლარი ჯდება.
“C ჰეპატიტის შემტხვევაში არა მხოლოდ მოცულობით შემოვიდა დიდი რაოდენობა, არამედ თანხობრივად არის საკმაოდ დიდი. თუ სტატისტიკა ითვლის ღირებულების მიხედვით მაშინ მხოლოდ C ჰეპატიტის პროგრამა 3-ჯერაც გაზრდიდა მონაცემებს. ჯამში 334 მილიონ ლარზე მეტია მედიკამენტების ღირებულება”.
სამკურნალო საშუალებების შემდგომი პარტიის შემოსვლა აგვისტოში იგეგმება.