„განვითარებულ სამართლებრივ სახელმწიფოში წარმოუდგენელია ერთი კომპანიის ხელში იყოს მედიკამნტების სადისტრიბუციო ქსელი, შემოჰქონდეს პრეპარატები და პარალელურად ფლობდეს კლინიკებს, საავადმყოფოებს და დაზღვევას,“ –
ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი ეხმაურება და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ნეგტიურად აფასებს. როგორც პარლამენტარი აცხადებს, ბაზარზე ფასების დარეგულირების გზა ეკონომიკის გაძლიერება და მონოპოლიებთან ბრძოლაა.
„რამდენიმე თვის წინათ, ჯანდაცვის მინისტრმა ერთ-ერთ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შემოდგომაზე ორასი დასახელების მედიკამენტზე ფასები დარეგულირდებოდა, უფრო მეტიც, დაბლა დაიწევდა. ამ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოყვა და ვფიქრობ, რომ მოლოდინი ცრუ და გაუმართლებელი აღმოჩნდა. უკვე მეორე თვე იწურება და მედიკამენტები კიდევ უფრო ძვირდება. მოლოდინი ვერც გამართლდებოდა, რადგან ინფლაციური პროცესები ქვეყანაში ისევ გრძელდება.
ცალკე თემაა, დასახელებლ და დაპირებულ ორას მედიკამენტზე დაწეული ფასები რამდენად იქნებოდა შეღავათი მოსახლეობისათვის. წამლის ათასობით სახეობაა და ჩვენ ისიც კი არ ვიცით, თუ რომელ ორას დასახელებაზე იყო საუბარი, მინისტრს ეს არ აუხსნია,“ – განმარტავს ცაგარეიშვილი და ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე მიანიშნებს:
„საქართველო არ არის წამლის მწარმოებელი ქვეყანა, ვერც გახდა. თითქმის ყველა მედიკამენტი იმპორტირებულია. ბუნებრივია, რომ ფასებზე ლარის კურსის ცვალებადობა აისახება. სააფთიაქო ბიზნესიც სრულად არის დამოკიდებული ლარის სტაბილურობაზე და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.“
ცაგარეიშვილი მდგომარეობიდან გამოსვლის ერთ-ერთ წინაპირობად სპეციალურ რეგულაციებს მიიჩნევს: „ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლისტები არ უნდა არსებობდნენ, ნორმალურად განვითარებულ სამართლებრივ სახელმწიფოში ეს წარმოუდგენელია:
ერთი კომპანიის ხელში იყოს სადისტრიბუციო ქსელი, მასვე შემოჰქონდეს წამლები და პარალელურად, აღნიშნული კომპანია ფლობდეს კლინიკებს, საავადმყოფოებს და დაზღვევას. ეს უზარმაზარი კონგლომეტარები შეიქმნა 21-ე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, როდესაც ანტიმონოპოლიური სამსახური გაუქმდა. შესაბამისად, ეს ორი ტენდენცია – ლარის არასტაბილურობა და ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მონოპოლისტები არ იძლევა, სწორედ იმის საშუალებას, რომ მედიკამენტი გაიაფდეს. სწორედ ეს ორი ფაქტორი განაპირობებს შექმნილ პრობლემას“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.