მთავარი » კვირის ინტერვიუ » კოვიდ 19-მა პაციენტებში სტომატოლოგიური პრობლემები დაამძიმა – ინტერვიუ ექიმ-სტომატოლოგთან

კოვიდ 19-მა პაციენტებში სტომატოლოგიური პრობლემები დაამძიმა – ინტერვიუ ექიმ-სტომატოლოგთან

ინტერვიუ სტომატოლოგთან, კლინიკა „უნივერს დენტალი – გერმანული იმპლანტაციის ცენტრის“ ექიმთან, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ ლიკა მანიასთან

– თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა გავლენას ახდენს კოვიდ 19 პაციენტის კბილების და პირის ღრუს ჯანმრთელობაზე როგორც ინფექციის მიმდინარეობის, ისევე პოსტკოვიდ პერიოდში?

– ჩვენ ყველა ვადევნებთ  თვალს, რომ კოვიდ ინფექციას  აქვს უამრავი სამიზნე ორგანო როგორც მწვავე პერიოდში, ასევე პოსტკოვიდურ პერიოდში და  მათ შორის არც პირის ღრუ არ აღმოჩნდა გამონაკლისი. სამწუხაროა ის რეალობა, რომ ვირუსის მართვის სპეციფიკიდან  და რეგულაციებიდან გამომდინარე, ინფიცირებული პაციენტი ან იზოლაციაშია ან ჰოსპიტალიზებულია და იმყოფება კოვიდ ცენტრში, შესაბამისად სტომატოლოგებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია ინფიცირებული პაციენტის პირის ღრუს დეტალური რევიზია და გამოკვლევა. თუმცა ჩვენ, სტომატოლოგები, აქტიურად ვართ ჩართულები პაციენტებთან ტელეხიდებით და გვაქვს  კომუნიკაცია ჩვენს კოლეგა  „კოვიდ ექიმებთან“, რადგან პირის ღრუსმხრივი გამოვლინებები ძალიან მრავალფეროვანია, განსაკუთრებით ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი პაციენტების შემთხვევაში. ლორწოვანზე  ხშირია თეთრი თუ ერითემატოზული ნადებები, წყლულები, პეტექიები, ბუშტუკები. ასევე დაზიანებები ინახება ენაზე, სასაზე, ტუჩებზე, ღრძილებზე, ლოყის ლორწოვანზე. მსუბუქ შემთხვევებში პირის ღრუს მანიფესტაცია წინ უსწრებს  ან  ერთვის რესპირატორულ სიმპტომატიკას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირის ღრუს ჰიგიენის უგულვებელყოფის და არასათანდოდ მოვლის  შემთხვევაში ისეთი ოპორტუნისტული ინფექციები, როგორიცაა სოკოვანი (კანდიოზები), ჰერპესული წყლულები აქტიურად აზიანებენ პირის ღრუს ლორწოვანს და ამძიმებენ პაციენტის მდგომარეობას მწვავე პერიოდში. მათ რეალურად სჭირდებათ სტომატოლოგიური სერვისი.

პოსტკოვიდურ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ბავშვებში  მულტისიტემური ანთების სინდრომმა, რომელიც პედიატრიულ პაციენტებში ვითარდება კოვიდ ინფიცირებიდან რამოდენიმე დღეში ან კვირაში და ხასიათდება  ანთებით-ინფლამატორულ პროცესში რამოდენიმე ორგანოს ერთდროული ჩართვით, მათი ფუნქციების დათრგუნვით, რამაც შესაძლოა ფატალურ შედეგამდეც კი მიგვიყვანოს. პედიატრიულ  მულტიფაქტორულ ანთებით სინდრომში ერთვება პირის ღრუს ლორწოვანიც და მართვას საჭიროებს. ასე რომ, სტომატოლოგების ჩართულობა კოვიდ ინფიცირებული  და პოსტკოვიდური პაციენტების მართვაში აუცილებელია.

– იმ პაციენტებში, რომლებსაც სტომატოლოგიური პრობლემები ჰქონდათ და კოვიდის დროს დასჭირდათ ინტუბაცია ან სასუნთქი აპარატი ე.წ. სიპაპი, ხომ არ აღინიშნებოდა მდგომარეობის გართულება ფილტვების ჯანმრთელობის კუთხით? 

– აუცილებელია იმის გააზრება, რომ პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის პირობებში, პირის ღრუში არსებული ბაქტერიები: ყველასთვის ცნობილი ე.წ. ოქროსფერი სტაფილოკოკი, გრამ უარყოფითი ბაცილები და ანაერობები, რომლებიც სახლობენ ღრძილის ღარებში და პათოლოგიურ ჯიბეებში, ხშირი  ინტუბაციების და სიპაპის  პირობებში, განიცდიან ასპირაციას ფილტვის ქვედა სეგმენტებში და ზრდიან ვენტილაციასთან ასოცირებული პნევმონიების რისკს. მეორე მხრივ ხელოვნური სუნთქვა იწვევს პირის ღრუს გამოშრობას – ქსეროსტომიას, რაც თავის მხრივ წინაპირობაა პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და კბილების დაავადებების გავრცელებისთვის.

–  კოვიდმა ზოგადად სტომატოლოგიურ მომსახურებაში რა პრობლემები შექმნა – ბევრმა ადამიანმა ალბათ თავი შეიკავა სტომატოლოგთან მისვლისგან,  ხომ არ გაართულა ამან მათი მდგომარეობა?

კოვიდ პანდემიის პირველ ეტაპზე, როცა ყველასთვის გაურკვეველი იყო ვირუსის ბუნება,  არ იყო შესწავლილი მისი ქცევა, მართვა, გართულებები, არ იყო ვაქცინა და სრულიად დაუცველები აღმოვჩნდით მის წინაშე. რა თქმა უნდა,  მოსახლეობა თავს იკავებდა და რეგულაციებიდან გამომდინარე  ჩვენც თითქმის 2 თვის მანძილზე მხოლოდ ურგენტული შემთხვევების მართვით შემოვიფარგლებოდით. მოსახლეობის დიდი ნაწილი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თავს არიდებდა გეგმიურ ვიზიტებს, რაც აუცილებელია სტომატოლოგიური მკურნალობის წარმატებისთვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა კონტინგენტში, სადაც გვყავს სხვადასხვა დისპანსერული ჯგუფები, რომელთა გეგმიური მონიტორინგი და გეგმიური სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებები  დანიშნულ ვადაზე უნდა ჩატარდეს. რა თქმა უნდა, კოვიდ  პანდემიამ  სტომატოლოგიური პაციენტების მართვის ამ წესს ხელი შეუშალა და სამწუხაროდ  ახლა პაციენტები მოგვმართავენ უკვე  დაგვიანებულ სტადიებზე, როცა მათი მართვა ნაკლებადეფექტურია. აქვე აღვნიშნავ, რომ  იზოლაციამ  ძალიან შეცვალა ადამიანების ცხოვრების წესი და მთელი დღე სახლში ჯდომამ და „სუსნაობამ“  კვების რეჟიმის დარღვევა გამოიწვია. ამის გამო ბევრი ადამიანი უჩივის წონაში მატებას, მაგრამ ჩვენ, სტომატოლოგები, ვამჩნევთ კარიესის ინტენსივობის მატებას.  შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, რომ კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული სტრესი ასოცირდება უამრავი დაავადების, მათ შორის სტომატოლოგიური დაავადებების  მაპროვოცირებელ ფაქტორად  და უკვე  უამრავი კვლევა ტარდება დასავლეთში ამ მიმართულებითაც.

– კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც კოვიდპანდემიამ თქვენს სფეროში შემოიტანა – რამდენად აისახა მომართვიანობაზე მომსახურების გაძვირება, რაც რეგულაციების გამო მოხდა?

– მე ვიტყოდი, რომ  ეკიპირებასთან დაკავშირებული რეგულაციები უცხო არ იყო ჩვენი სფეროსთვის, რადგან ვთლი, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერი პაციენტი უნდა განიხილებოდეს  როგორც პოტენციურად ინფიცირებული და მისი მიღება უნდა წარმოებდეს ინფექციის მკაცრი კონტროლით. მომსახურეობის გაძვირება ჩემი აზრით უფრო განაპირობა ბაზარზე ერთჯერადი მოხმარების ნივთების (ხალათები, ხელთათმანები, პირბადეები, ანტისეპტიკური ხსნარები) მკვეთრად გაძვირებამ პანდემიასთან დაკავშირებით და შექმნილმა დეფიციტმა.

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …