ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის მდგომარეობა შემოყვანისთანავე მძიმე იყო და ის მაშინვე რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა, თუმცა ხელოვნური სუნთქვის აპარატი არ დასჭირვებია. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, მოზარდი ერთი კვირაა რაც სტაციონარში იმყოფებოდა და მის მდგომარეობას თანდაყოლილი დაავადებები ართულებდა, როგორიცაა სეფსისი, ჰემიპარეზი, ჰიდროცეფალია, ასევე ჭარბი წონა -პაციენტი 120 კილომდე იწონიდა.
„შემოვიდა თბილისიდან, სასწრაფოს მეშვეობით. შემოყვანისთანავე იყო საყურადღებო, კრიტიკულად მძიმე და მაშინვე მოთავსდა რეანიმაციაში. იყო ჟანგბადზე, რომელიც მიეწოდებოდა ნიღბით, შემდეგ კი სიპაპით და ამის შემდეგ დაფიქსირდა გულის გაჩერება,“ – განაცხადა რეხვიაშვილმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ციციშვილის კლინიკა სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა ამ წინა პერიოდთან შედარებით, მდგომარეობა შემსუბუქებულია, არის თავისუფალი ადგილები და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია პაციენტების მიღება როგორც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ასევე პედიატრიულ მიმართულებაში. მისივე ინფორმაციით, რეანიმაციაში 21 პაციენტია, რომელთაგან ერთის, თვემდე ასაკის ბავშვის მდგომარეობა, კრიტიკულად მძიმეა, იმყოფება სუნთქვით აპარატზე. დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა და გართულებები მოსალონდელი არ არის.