მთავარი » ახალი ამბები » „კონტრაქტების შეწყვეტის შესახებ 5 დღით ადრე გავიგეთ“ – ყოფილი კოვიდ-კლინიკები მძიმე 8-თვიანი პერიოდისთვის ემზადებიან

„კონტრაქტების შეწყვეტის შესახებ 5 დღით ადრე გავიგეთ“ – ყოფილი კოვიდ-კლინიკები მძიმე 8-თვიანი პერიოდისთვის ემზადებიან

იმის შესახებ, რომ სახელმწიფო კოვიდ-კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადადიოდა, სამედიცინო დაწესებულებებმა კონტრაქტის შეწყვეტამდე 5 დღით ადრე გაიგეს, რამაც ისინი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ამის შესახებ „ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, კონტრაქტები 31 მარტამდე იყო გაფორმებული, ასევე არსებობდა ზეპირი შეთანხმებები, რომელთა თანახმად კონტრაქტების შეწყვეტის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკებისთვის მინიმუმ 30 დღით ადრე უნდა ეცნობებინა.

15 მარტიდან „ევექსის“ არცერთი ჰოსპიტალი კოვიდმიმღები აღარაა და მართავს იმ ერთეულ შემთხვევებს, რომლებსაც კოვიდი კლინიკაში, სხვა დაავადებით მოთავსების შემდეგ დაუდასტურდათ.

რაც შეეხება დაფინანსების მოდელს, პანდემიის დროს სახელმწიფო კლინიკებისგან კოვიდისთვის საწოლფონდს ქირაობდა და ამ ქირაში იხდიდა გარკვეულ თანხას, დამატებით კი კონკრეტული პაციენტების მკურნალობის თანხებს ანაზღაურებდა.   მაგალითად „ბოკერიას“ კლინიკამ, რომელიც მანამდე იყო მულტიპროფილური და ჰქონდა კარდიოქირურგიული, ამბულატორიული, ნევროლოგიური და სხვა განყოფილებები,  სახელმწიფოსთან შეთანხმებით შეაჩერა ეს სერვისები და მთლიანად კოვიდპაციენტების მართვაზე გადავიდა.

ახლა კი, როდესაც ის მუშაობის ჩვეულ რიტმს უნდა დაუბრუნდეს, ამ განყოფილებების ამოქმედება, ფაქტობრივად, ნოლიდან იწყება. მინდიაშვილის თქმით, პრაქტიკულად, კლინიკა ხელახლა უნდა შეიქმნას.

პარალელურად მიმდინარეობს კოვიდის, როგორც რიგითი ნოზოლოგიის  განფასება. გიორგი მინდიაშვილი ამბობს, რომ კლინიკებმა უკვე მიიღეს ტარიფები და ამ საკითხზე მსჯელობა უახლოეს პერიოდში განახლდება.

„ჰოსპიტალს, რომელიც სრულად იყო დატვირთული, იმისთვის, რომ პანდემიამდელ ნიშნულს მიუახლოვდეს, 6-8 თვე დასჭირდება. ახლა არის ნულზე და ნულიდან ხელახლა უნდა დაიწყოს ოპერირება. ამ 8 თვის განმავლობაში მას დასჭირდება სუბსიდირება და ეს იქნება ძალიან მძიმე პერიოდი,“- განაცხადა მინდიაშვილმა.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრუნვები დაიწყება, სახელმწიფო, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში შესრულების თანხას 4 თვეში გადაიხდის, მანამდე კი კლინიკამ უნდა იხადოს ხელფასები, შეიძინოს სახარჯი მასალები და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე 1819 კოვიდსაწოლია მობილიზებული, საიდანაც მხოლოდ 360-ია დაკავებული.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …