კონკურენციის სააგენტოს 2016 წლის 28 დეკემბრის ბრძანების შესაბამისად, „ჯიპისი“-ს მიერ „ეი-ბი-სი ფარმაციას“-ს (ფარმადეპო) აქციათა 100%-ის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად.
ბაზარზე არსებული ვითარების შესასწავლად კონკურენციის სააგენტომ გამოითხოვა და მიიღო ინფორმაცია როგორც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შემოსავლების სამსახური), ასევე ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებადი 150-ზე მეტი ფარმაცევტული კომპანიიდან.
“გადაწყვეტილების მიღებისას, გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებაც, რომ კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა განმარტებით, წარმოდგენილი შერწყმა ნეგატიურად არ აისახება მომსახურეობის ფასზე და ხელს შეუწყობს დარგის ბიზნესის განვითარებას. ასევე, ადგილი ექნება ქვეყნის მასშტაბით სარეალიზაციო ქსელებისა და პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, მომსახურების სერვისების გაუმჯობესებას, ხარჯების ოპტიმიზაციას, ეფექტიანობის, სამუშაო ადგილების ზრდას და ა.შ.
გარდა ხსენებულისა, სააგენტომ დაადგინა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს შერწყმის სუბიექტების წილების მნიშვნელოვანი ზრდის, ჯვარედინი თანამონაწილეობის გზით ერთმანეთის წილების ფლობის, ხელმძღვანელი პირების მიმოცვლისა და კონკურენტებისათვის ხელის შეშლის შესაძლებლობის ნიშნები”, – განმარტავენ კონკურენციის სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ABC Pharmacia-ს (ფარმადეპო) შერწყმას GPC-სთან ერთად გეგმავს და შედეგად ახალ სააფთიაქო ქსელს JSC Georgian Pharmacy-ს (GEPHA) ქმნის.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის წილი ახალ კომპანიაში 67% იქნება, დარჩენილი 33% აქციების მფლობელი კი ფარმადეპო იქნება, კერძოდ კომპანიის აქციონერები ენრიკო ბერიძე და მიხეილ აბრამიძე.
GEPHA -ს მფლობელობაში საქართველოს მასშტაბით 230 სააფთიაქო ქსელი იქნება.
businesscontract.ge