კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა დაიწყო. ბოლო დროს მედიკამენტებზე ფასების შემცირების ტენდენციაზე ალაპარაკდნენ როგორც სააფთიაქო ქსელები, ისე ექსპერტები.
ეკონომიკის საკითხების ექსპერტი დემურ გიორხელიძე გვესაუბრა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე:
„რამდენიმე თვის წინ ვესაუბრე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს, ის ფარმაცევტული ბაზრის შესწავლას აპირებდა და ინფორმაციას კრებდა. ეს ბაზარი იყო მიტოვებული და გამოირჩეოდა არაჯანსაღი კონკურენციით და აშკარა ოლიგოპოლიურობით. იგი არანორმალურად უსამართლო ბაზარია და ძარცვავს საკუთარ მოქალაქეებს.
მოგების არსებული მარჟა, ფასთა სხვაობა შემოტანის ხარჯებსა და ღირებულებას და საცალო გაყიდვის ფასს შორის, არანაირ ნორმებში ჯდება. ეს უნდა შესწავლილიყო და ძალიან კარგია, თუ სააგენტომ ამის კეთება დაიწყო.“
ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ გამოჩნდა, რომელიც 30 %-ით დაბალი ფასით ოპერირებს. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით, ფარმაცევტულ ბაზარზე მისი გამოჩენით მოქმედმა კომპანიებმა კონკურენციის საფრთხე იგრძნეს და ფასები თავადაც შეამცირეს.
დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ფარმაცევტული ბაზარი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს, მკაცრად განსაზღვრული თამაშის წესებით:
„ეს ბაზარი, ზოგადად, რაც უფრო გახსნილი იქნება და რეგულირებული მკაცრად განსაზღვრული თამაშის წესებით, ფასები მით უფრო შემცირდება. გვმართებს კონკურენციის გაძლიერება, ბაზრის გახსნა, რომ ფასები შემცირდეს. მთელი საბაზრო ეკონომიკის არსი ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფაა. ამ ვითარებაში უკვე ოპტიმალურ ფასებზე დაჯდება რეალური პროდუქცია. არ იქნება სამი-ოთხი მოთამაშის მიერ დაწესებული ფასი, რომელსაც ოლიგოპოლიური ბაზარი გვთავაზობს.
ფაქტობრივად,აქამდე სახელმწიფოსაც არ ჰქონდა ნება, რომ ამ სფეროში რამე ეღონა. კარგია, რომ ახლა გაბედეს და სამართლიანად, კონკრეტული პირის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გარეშე, ერთნაირი თამაშის წესები ჩამოაყალიბეს. ვინც დაემორჩლება, დაემორჩილება, ვინც არა და, ხელისუფლებას აქვს კანონის ფარგლებში ზეწოლის საშუალება.
ბიუროკრატიის ჩაურევლობა და მკაცრად თვალთვალი, რომ ბაზარზე დადგენილი წესები არ დაარღვიოს ვინმემ, სრულიად საკმარისი იქნება ფარმაცევტულ ბაზარზე მდგომარეობის გამოსასწორებლად. კანონით მკაცრად რეგულირებული თამაშის წესები, მაგრამ თავისუფალი ბაზარი ხარისხზეც იმოქმედებს და ფასზეც.“