პირბადეების ერთერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქართული კომპანია „რესპირატორი“ „დახურვისკენ მიდის“. მიზეზი პირადეებზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნაა.
ამის შესახებ jandacva.ge-ს კომპანიიდან აცნობეს. მათი განცხადებით, 7 ხაზიდან ახლა მხოლოდ ერთი ხაზია დარჩენილი, რომელიც არსებულ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს.
„ჩვენ იმდენად მაღალი წარმადობა გვაქვს, რომ, წელიწადში ერთი თვეც რომ ვიმუშაოთ, დავაკმაყოფილებთ არსებულ მოთხოვნას. საჭიროების შემთხვევაში კი წარმოებას სრული დატვირთვით ავამოქმედებთ,“ – აცხადებენ კომპანიაში, რომელიც ბაზარზე პანდემიის დროს, 2020 წელს გამოჩნდა და პანდემიის ყველაზე აქტიური ფაზის დროს თვეში 17 მლნ ცალ პირბადეს აწარმოებდა.
კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი პანდემიამდე სარეკლამო ბიზნესში იყვნენ და ახლაც ამ პროფილით აგრძელებენ მუშაობას. მათივე თქმით, პირბადეების მწარმოებელი თითქმის ყველა კომპანია უკვე დაიხურა.
შეგახსენებთ, რომ 2 მაისიდან დახურულ სივრცეში პირბადეების ტარების ვალდებულება გაუქმდა, თუმცა ის შენარჩუნდა სამედიცინო დაწესებულებებსა (მათ შორის აფთიაქებში) და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დღეიდან, 20 ივნისს კი პირბადის ტარება სავალდებულო აღარც საზოგადოებრივ ტრანსპორტშია და ის მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის აფთიაქებში დარჩა.
ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, ამ ეტაპზე საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 14%-ია.
jandacva.ge