საქართველოში ექიმების შეცდომებთან დაკავშირებით პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რასაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვება ხოლმე. შემთხვევები, როგორც წესი, ქირურგიულ ოპერაციებს უკავშირდება, თუმცა ამ საკითხზე საუბრისას „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ბარიატრიული მიმართულების ხელმძღვანელი კობა სახეჩიძე მედიკამენტოზურ მკურნალობაზე ამახვილებს ყურადღებას და წამლების გამოწერისას დაშვებულ ყველაზე ხშირ შეცდომებს ასახელებს.
მისი თქმით, მედიკამენტოზური მკურნალობისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს, რამდენად სწორია დოზირება, წამლის მიღების პერიოდულობა – ის, თუ როდის უნდა მიიღოს წამალი პაციენტმა – ჭამის შემდეგ და მანამდე,
„ამერიკის შეერთებულ შტატებში წელიწადში 7-დან 9 ათასამდე ადამიანი იღუპება სამედიცინო შეცდომის გამო. შეცდომები არის 5 ძირითად პუნქტში: პირველი – არასწორი დოზირება, რომელზეც შეცდომების 20% მოდის, 15% – ესაა არასწორი მედიკამენტის დანიშვნა, მესამე: დრო და პერიოდულობა, რაზეც შეცდომების 10% მოდის, 5% კი არასწორ მიმართულებას გულისხმობს – მაგალითად, როცა წამალი პაციენტს უნდა გაუკეთდეს ვენაში, მაგრამ უკეთდება მაგალითად არტერიაში. ასევე არის არასწორი პაციენტის ფაქტორი, როდესაც პალატაში რამდენიმე ავადმყოფი წევს და ერთი მათგანისთვის დანიშნულ მედიკამენტს შეცდომით აძლევენ სხვა პაციენტს,“- განმარტა სახეჩიძემ.
მისი თქმით, სტანდარტის თანახმად, ექიმი ვალდებულია აუხსნას პაციენტს, რის გამო ენიშნება წამალი, ასევე რა მიზნით უტარდება ესა თუ ის კვლევა და ამ საკითხებზე ავადმყოფი ინფორმირებული უნდა იყოს.
მისივე განცხადებით, სრულიად უსაფრთხო სამედიცინო დაწესებულება არსად არ არსებობს, თუმცა საქართველოში ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო დაწესებულება „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისია.“