მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » კლინიკების ინფექციური კონტროლი თბილისსა და რეგიონებში გრძელდება
ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებში, ინფექციების კონტროლის შეფასების მიზნით, განმეორებით მონიტორინგი დაიწყო ნინო ბერძული მონიტორინგის პროცესს დააკვირდა.

კლინიკების ინფექციური კონტროლი თბილისსა და რეგიონებში გრძელდება

ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო კლინიკებში, ინფექციების კონტროლის შეფასების მიზნით, განმეორებით მონიტორინგი დაიწყო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ინგოროყვას კლინიკაში განმეორებითი მონიტორინგის პროცესს დღეს პირადად დააკვირდა.

მინისტრის მოადგილემ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის მართვის სისტემის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს რეკომენდაციებს, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით, თუმცა მათი გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში უწყება იტოვებს უფლებას, იმსჯელოს იმ ქმედებების მასშტაბებზე, რაც უნდა განხორციელდეს კლინიკების მიმართ,“ – აღნიშნა ნინო ბერძულმა. 

თბილისის მასშტაბით ათ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციების კონტროლს მონიტორთა ჯგუფები განმეორებით აფასებენ. პირველ ეტაპზე, კონტროლი ამ მიმართულებით თბილისის 10 კლინიკაში, 6 თვის წინ განხორციელდა, რის შემდეგაც დაწესებულებებს შესასრულებელი მოთხოვნები წარედგინათ. ამ ეტაპზე კი გაცემული რეკომენდაციების შესრულება ფასდება. თითოეულ კლინიკაში განმეორებითი მონიტორინგი ორ დღეს გაგრძელდება, შემოწმება ოქტომბრის ბოლოს ათივე სამედიცინო დაწესებულებაში დასრულდება, რის შემდეგაც შედეგები დამუშავდება და 10 ნოემბრისთვის ანალიზი მომზადდება. შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციები გაიცემა და კლინიკებს შესასრულებლად მიეწოდება. 

ინფექციების კონტროლის მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორთა ჯგუფი სტაციონარული დაწესებულების გარემოს, დაწესებულების შენობის მდგომარეობას, ეზოს სისუფთავეს, სამედიცინო ნარჩენების მენეჯმენტს, წყალმომარაგების სისტემას, სათავსების სისუფთავეს, თეთრეულისა და საწოლის აღჭურვილობის რეცხვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას აფასებს. ინფექციების კონტროლის სისტემის შეფასება კი დეზინფექცია-სტერილიზაციის, ხელების ჰიგიენის, პერსონალის ჯანმრთელობის, უსაფრთხო ინექციების პრაქტიკისა და ანტიბიოტიკების გამოყენების პოლიტიკის მიმართულებით ხდება. 

თბილისის შემდეგ, ნოემბრიდან ინფექციების კონტროლის მონიტორინგის პირველი ეტაპი რეგიონებში დაიწყება. საქართველოს მასშტაბით, მონიტორები 35 სამედიცინო დაწესებულებას შეამოწმებენ. 

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …