მთავარი » ახალი ამბები » “კლინიკები სამედიცინო აპარატურის შეცვლისგან თავს იკავებენ”

“კლინიკები სამედიცინო აპარატურის შეცვლისგან თავს იკავებენ”

სამედიცინო მასალების იმპორტიორი კომპანია MDP-ის გენერალური დირექტორი გიორგი ლიპარტელიანი jandacva.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ  დარგი კატასტროფულ მდგომარეობაშია, მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები და ქვეყანაში არსებული სავალუტო პოლიტიკაა.

როგორც ლიპარტელიანი აცხადებს, პოსტპანდემიურ პერიოდში კლინიკებს ოპერირება საკმაოდ უჭირთ.

„პანდემიის პერიოდში კლინიკების უდიდესი ნაწილი კოვიდ კლინიკებად მუშაობდა. ახლა, როდესაც დაიბრუნეს საკუთარი პროფილი, გადაწყობა უჭირთ. მათ არ ჰყავთ კადრი, იმ პაციენტების დაბრუნებაც უჭირთ, ვინც წლების განმავლობაში მათ კლინიკაში მკურნალობდა, კოვიდის სტატუსით მუშაობის გამო კი პაციენტებს სხვა კლინიკაში მოუწიათ გადასვლა. ახლა მათი უკან დაბრუნება ძალიან რთულია. ჩათვალეთ, ეს კლინიკები თავიდან იწყებენ ბიზნეს საქმიანობას,“-აცხადებს ლიპარტელიანი.

განსაკუთრებულ პრობლემას კი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკების დაფინანსების სქემა და მათთვის დაწესებული რეგულაციები ქმნის.

„კლინიკებში ბევრი მანიპულაცია მინუსით ტარდება. სასწრაფო და რეანიმაციის მიმართულება ზარალიანია, თუმცა, მუშაობს, სხვა შემთხვევაში გამოეთიშება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. შედარებით მრავალპროფილური კლინიკები კიდევ ახერხებენ დაბალანსებულად მუშაობას. ეს ყველაფერი კი იმპორტიორი კომპანიების საქმიანობაზე ძალიან ნეგატიურად აისახება. როგორც ვიცი ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებისთვის ახალი რეგულაციების დადგენაზე მუშაობს, რასაც ძალიან ბევრი კლინიკა ვერ გაუძლებს, ან გაიყიდება, ან გაკოტრდება,“-აცხადებს ლიპარტელიანი.

მისი ინფორმაციით, კლინიკებმა პანდემიის პერიოდშიც და ახლაც  თანხების დაზოგვა დაიწყეს. კლინიკები თავს იკავებენ  სამედიცინო აპარატურის შეცვლისგან ან თუ ცვლიან, საკმაოდ ბიუჯეტურით.

როგორც ლიპარტელიანი აცხადებს, სიტუაციას ამძიმებს ეროვნული ვალუტის არასტაბილური კურსიც.

„ეს ჩვენთვის კატასტრიფაა. ახლა ლარი მყარდება, ჩვენ მაღალი კურსით გვაქვს შეძენილი პროდუქცია, ამ დროს კი ჩვენ მაღალი ფასით რეალიზიაცია გვიჭირს. ამას ემატება სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ძალიან უხეში ჩარევები. იმპორტიორებისთვის არასტაბილურობა საშინელებაა. თუ ხედავ ტენდენციას, მას მიყვები, რადიკალური რყევები ძალიან აზიანებს ბიზნესს“-აცხადებს ლიპარტელიანი.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებისთვის ახალი ტარიფების დადგენაზე მუშაობს. საუბარია, DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით -Diagnosis-Related Groups) სისტემაზე გადასვლაზე, რომელიც გულისხმობს დაფინანსების მოცულობის, პაციენტის დიაგნოზის, ასაკის, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის და სხვა კრიტერიუმების განსაზღვრას.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …