მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხვალიდან, С ჰეპატიტის საყოველთაო სკრინინგის შემდგომი ეტაპი იწყება, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ხვალ პრესკონფერენცია-აქცია გაიმართება, თემაზე: “მოსახლეობის ნებაყოფლობითი C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისათვის მობილური ამბულატორიების გადაცემა”.
პრესკონფერენციას დაესწრებიან და აქციის ფარგლებში C ჰეპატიტის ტესტირებას ჩაიტარებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელი პირები, სამინისტროს თანამშრომლები და მსურველი მოქალაქეები.
C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ყოველმხრივი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 2015 წლის 3-5 ნოემბერს საქართველოში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრაზე საერთაშორისო ექსპერტთა ტექნიკური ჯგუფმა განიხილა C ჰეპატიტის პროგრამის 5-წლიანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომლის ფარგლებში განსაკუთრებულად ხაზი გაესვა C ჰეპატიტის ადრეულ დიაგნოსტიკას. მათი რეკომენდაციებით, აუცილებელია სკრინინგული ღონისძიებების ფართოდ დანერგვა და კვლევებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომლის მიღწევაც, მხოლოდ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, ორგანიზებული და რისკ-ჯგუფების კვლევითა და მოსახლეობის რუტინული სკრინინგული პროცესების დაწყებით არის შესაძლებელი.
9 ნოემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, С ჰეპატიტის საყოველთაო სკრინინგის შემდგომი ეტაპი იწყება, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცამა უფასოდ ჩაიტარონ ტესტირება C ჰეპატიტზე და ასევე, გლობალური ფონდის ხელშეწყობით აქციის ფარგლებში, ყველა მსურველს შეეთავაზება უფასო სკრინინგი აივ ინფექცია/შიდსზე.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015 წლის 1-ლი დეკემბრიდან, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყველა ორსულს მიეცემა შესაძლებლობა, გინეკოლოგთან პირველი ვიზიტის განხორციელებისას, სხვა გამოკვლევებთან ერთად, C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი ჩაიტაროს.
ხვალინდელ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, “შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის” პროგრამის ფარგლებში, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელს გადასცემს ოთხ მობილურ ამბულატორიას. მობილური ამბულატორიების ფუნქციონირება გახლავთ დადასტურებული წარმატებული პრაქტიკა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
საქართველოში აღნიშნული პრაქტიკა წარმოქმნის საშუალებას დამატებითი წვლილი შევიტანოთ აივ/შიდსის ეროვნული სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებასა და შესაბამისად შიდსის გავრცელების პრევენციაში. მობილური ამბულატორიების ფარგლებში დაგეგმილია აივ ინფექცია/შიდსის სადიაგნოსტიკო და პრევენციული მომსახურებების განხორციელება, კერძოდ კი, მობილური ამბულატორიები მოემსახურებიან ზიანის შემცირების პროგრამის ბენეფიციარებს და უზრუნველყოფენ მათ უფასო ტესტირებით აივ ინფექცია შიდსზე, C და B ჰეპატიტბსა და სიფილსზე.
მობილური ამბულატორიების ფუნქციონირების გეოგრაფიულ არეალს წარმოადგენს სრულიად საქართველო და ისინი იფუნქციონირებენ შემდეგ რეგიონებში: თბილისი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა-ქართლი, ქვემო-ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა.