ხვალიდან, 1 მარტიდან, ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია, მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა №3 რეცეპტის საშუალებით.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე განმარტებით, ექიმი ასევე ვალდებულია, სტაციონარული დაწესებულებიდან პაციენტის გაწერისას, მისთვის მედიკამენტური დანიშნულების მიცემის შემთხვევაში, გამოწეროს ელექტრონული რეცეპტი.
მოთხოვნა ვრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც, დანიშნულების გაცემის შემთხვევაში.
გამონაკლისის სახით, სოფლის ექიმებს ეძლევათ რეცეპტის მატერიალური ფორმით გამოწერის შესაძლებლობა.
ცვლილებიდან გამომდინარე, აფთიაქებსაც უჩნდებათ ვალდებულება, II ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გასცეს მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საშუალებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. შესაბამისად ფორმა N3 რეცეპტის ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოებისთვის, აფთიაქს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები.
მეორე ჯგუფს განეკუთვნება ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ან რომლის მიღებაც არ არის შესაძლებელი მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად, ექიმის დანიშნულების გარეშე. მაგალითისთვის მეორე ჯგუფის წამლებში შედის ანტიბიოტიკები, ანტიდეპრესანტები, ჰორმონალური საშუალებები და ა.შ.
აღნიშნული მედიკამენტები აქამდეც რეცეპტით გაცემას ექვემდებარებოდა, თუმცა ახლა მოხდება მხოლოდ ელექტორული რეცეპტის საშუალებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შემდეგი ეტაპია ექიმების მიერ წამლის გამოწერისას მხოლოდ გენერიკული დასახელების მითითება. ასევე – თურქული ბაზრის გახსნა.
“ყველაფერი ეს, ერთობლიობაში უფრო გამჭვირვალეს გახდის ფარმაცევტულ ბაზარს და ამ პროდუქციაზე ფასებს კიდევ უფრო გააიაფებს სახელმწიფოსა და
მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.