პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ აგენტებს გაფრთხილებას აძლევს:
”სოციალური აგენტების გასაგონად მინდა ვთქვა, მკაცრად გადამოწმდება მათი და მათი ხელმძღვანელების ქმედებები და თუ მათ საქმიანობაში პოლიტიკური შემადგენელი, გულგრილობა ან საბოტაჟი გამოიხატება, ისინი აუცილებლად მკაცრად დაისჯებიან.
თუკი ვინმეს სოციალურად დაუცველის სტატუსი ეკუთვნის და დღემდე ამ დახმარებას ვერ ღებულობს, აუცილებლად დავეხმარებით. თუმცა, ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, ეს არ არის უმუშევრობის გადასახადი, ეს არ არის სიღარიბის აღმოფხვრის პროგრამა. ეს არის სოციალურად ყველაზე მეტად შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფომ ეს დახმარება ბოლო პერიოდში გააორმაგა.
სამწუხაროდ, დღეს კიდევ ბევრია გაჭირვებული და ღარიბი, მაგრამ იქნებ ვინმემ მითხრას, სად გადის ზღვარი სიღარიბესა და სიღატაკეს შორის? რამდენიმე დღის წინ, მე და ბატონი დავით სერგეენკო შევთანხმდით, გამოვიყენოთ დამატებითი გადამოწმების მექანიზმები და აღმოფხვრათ ხარვეზები. პრობლემა არსებულ პროგრამაში კი არა, მისი არსებობის საჭიროებაშია”, – განაცხადა ხუნდაძემ.
ხუნდაძე აცხადებს, რომ წინასწაარჩევნოდ, ქართულ ჯანდაცვაზე მასიური შეტევა მიმდინარეობს და მაგალითად რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანი” მოჰყავს:
”ნაციონალურ მოძრაობას” და მის მონათესავე სატელიტ პარტიებს სურთ მოსახლეობას წაართვან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც უამრავი ოჯახი იხსნა დაღუპვისგან და სურთ მოსახლეობა დააბრუნონ საყოველთაო პატიმრობის პროგრამაში. ეს მათი გაგებით ნაკლები დაუჯდება ქვეყანას და საზოგადოების მართვა გაცილებით მარტივი იქნება.
ჩემი არაერთი თხოვნა კოლეგებისადმი, რომ სოციალური თემატიკა, გაჭირვებული მოქალაქეების თემატიკა არ გამოეყენებინათ პოლიტიკური სპეკულირებისთვის, არათუ შეისმინეს, არამედ ფარად აიფარეს და ამ გზით უნდათ გაიკვალონ პოლიტიკური გზა…გადაცემაში გამოტანილი პრობლემები არ დაწყებულა გუშინ, მაგრამ არ მახსოვს, 2012 წლამდე მსგავსი სიხშირით და სიმწვავით გაეშუქებინათ ამ ტიპის პრობლემები.
სოციალური თემატიკა უნდა შუქდებოდეს, მაგრამ არა ამ ფორმით. მათი მთავარი მიზანია ქვეყანაში შექმნას პანიკა, დაამკვიდროს ნეგატიური აზრი, რაც ნაწილობრივ შეძლეს, ასევე გააღვივონ სიძულვილი და ამაში ნახონ პოლიტიკური სარგებელი.
მთავარია, ჩვენ გქვონდეს პრობლემის მოგვარების პოლიტიკური ნება, რაც თქვენ არასდროს გქონიათ – სოციალურ დაუცველები და პენსიონერები მხოლოდ საარჩევნოდ გახსოვდათ და გჭირდებოდათ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეშვეობით, ხელისუფლება გააგრძელებს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ეს გაგრძელდება როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ. ამ პროგრამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა ხუნდაძემ.