მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ხარვეზი გამოსწორდა – „მეგალაბის“ პაციენტებს ანალიზების პასუხების მიღება რამდენიმე დღით დაუგვიანდათ

ხარვეზი გამოსწორდა – „მეგალაბის“ პაციენტებს ანალიზების პასუხების მიღება რამდენიმე დღით დაუგვიანდათ

მულტიფუნქციური ლაბორატორია „მეგალაბში“ ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია. ამის შესახებ jandacva.ge-ს  ლაბორატორიის კლინიკურმა დირექტორმა, ნინო ლუღათავამ განუცხადა.

მეგალაბში“ ტექნიკური შეფერხება 2022 წლის 21 თებერვლიდან დაფიქსირდა, რის შედეგადაც პაციენტების ნაწილი კონკრეტულ კვლევებზე პასუხს (D-დიმერი, კოაგულოგრამა) რამდენიმე დღის დაგვიანებით იღებს.

დღეს ლუღათავა აღნიშნავს, რომ პრობლემა შეიქმნა  IT მიმართულებით, რომლის შედეგადაც ანალიზის პასუხების ატვირთვა და მისი პაციენტებთან გაგზავნა დროულად ვეღარ ხდებოდა.

ლუღათავას ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის პროგრამული ხარვეზი „მეგალაბს“ არ ჰქონია და ეს პანდემიის გამო გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.

„ხარვეზი მოხდა მაღალი დატვირთვიდან გამომდინარე, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას დააწვა. პროგრამა ვერ ახერხებდა კვლევების ავტომატურ გადაგზავნას.  დღე-ღამეში ჩვენს ლაბორატორიაში 14 000 ანალიზი კეთდება, როცა სხვა ლაბორატორიები ამავე პერიოდში  აკეთებენ  80, 90, 100  ანალიზს.

მეგალაბის“ თანამშრომლები ვისხედით და ყველაზე მძიმე პაციენტების კვლევების ატვირთვას ხელით ვახდენდით. ბევრი პაციენტი ელოდება თავის პასუხს, ამისთვის მათ დიდ ბოდიშს მოვუხდით. „მეგალაბი“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ისეა აღჭურვილი, რომ ამაზე დიდ დატვირთვასაც გაუძლებს, უბრალოდ, ხარვეზი პროგრამული მიმართულებით  მოხდა ,“-აცხადებს ლუღათავა.

მეგალაბის“ კლინიკური დირექტორი ასევე ამბობს, რომ დიდი დატვირთვის ფონზე მსგავსი პრობლემა სხვადასხვა ლაბორატორიასაც შეექმნა.

„ქვეყანაში მაღალი ინფიცირების ფონზე ყველას ერთი და იგივე ტიპის კვლევებს უკეთებენ, ამიტომ, ვერცერთმა ლაბორატორიამ ამხელა დატვირთვას ვერ გაუძლო. ჩვენ შესრულების მხრივ პრობლემა არ გვქონია, როგორც აღვნიშნე, ხარვეზი პასუხის ავტომატური გადასვლის დროს დაფიქსირდა,“-აცხადებს ლუღათავა.

კითხვაზე, როდისთვის მოხდება სრულად „მეგალაბში“ არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო  პასუხების პაციენტებისთვის მიწოდება, ლუღათავა განმარტავს, რომ მაქსიმალური ვადა დღეს დღის ბოლოა.

შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, აპირებს თუ არა „მეგალაბი“ პროგრამული ნაწილის გაძლიერებას, ლუღათავა აცხადებს, რომ მულტიფუნქციურ ლაბორატორიაში უკვე ჩაირთო პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია, რაც მსგავსი ტიპის ტექნიკურ შეფერხებას სრულად გამორიცხავს.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …