მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა
რამაზ ყურაშვილმა სამინისტროს მხრიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება მიიჩნია.

ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საზოგადოებას სამინისტროს 3 წლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

სამომავლოდ კი, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის ამოქმედება და ელექტრონული რეცეპტული სისტემის ფართოდ დანერგვის საკითხები რჩება, კერძოდ,  ჯანდაცვის სამინისტრო  მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს.

მინისტრს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული  ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. თუმცა, იმისათვის, რომ  ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.

„დადებითად ვაფასებ ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობას, ეს მხოლოდ ჩემი განწყობაა არ არის, ასევე ფიქრობენ ჩემი კოლეგებიც. სამწუხაროდ, ბატონ მინისტრს არ უსაუბრია იმ ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რომელიც 2010 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ მარეგულირებელი კანონების სახით შემოიღო და რომელიც ხელისშემშლელია ჩემი ყოველდღიური მუშაობისათვის. კერძოდ,  ის იურიდიული აქტები, რომლებიც დღეს და მათი დიდი ნაწილი ორაზროვნად იკითხება – ვერ გაიგებ სადა დარღვევა და სად – ნორმა. სამართლებრივი მიმართულებები დასარეგულირებელია,“

– აღნიშნა ენდოკრინოლოგმა, პროფესორმა, დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რამაზ ყურაშვილმა.

რამაზ ყურაშვილმა სამინისტროს მხრიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად  მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება მიიჩნია და ჯენერიკის მნიშვნელობა კი შემდეგნაირად განმარტა:

„თეორიულად, ჯენერიკი და ორიგინალური პრეპარატი ერთმანეთისგან არ უნდა განსხვავდებოდეს 10 პროცენტზე მეტით. ვთქვათ, ორიგინალური პრეპარატი გამოუშვა ერთ-ერთმა ფირმამ. მან ამ პრეპარატის შექმნაში დახარჯა ოთხასი მილიონი ევრო. ათი ან თორმეტი წლის შემდეგ რომელიღაც ფირმას აქვს უფლება გამოუშვას მსგავსი პრეპარატი. ეს არის უკვე ჯენერიკი. ანუ ამ ფირმას არაფერი დაუხარჯავს. მას არ ჩაუტარებია ექსპერიმენტი ცხოველებზე, არ გამოუკვლევია პრეპარატი ტოქსიურობასა და გენეტიკაზე.

გამოდის, რომ მას არანაირი ხარჯი არ გაუწევია და ავიწროებს ორიგინალურ პრეპარატს, ანუ ბრენდს. თანაც მავნებლობას სჩადის ავადმყოფისათვის, რადგან ამ წამალს რა შეუძლია და არ ვიცით რა დადებითის მოტანა შეუძლია. ამიტომ მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება აუცილებელია და  აუცილებლად და დროულად უნდა შეამოწმოს  ხარისხი.“ 

„მდგომარეობიდან რომ გამოვიდეთ საქართველოში ე.წ  ნეპოტიზმი  უნდა მოვსპოთ. მუდმივად ვგებულობ ინფორმაციას, რომ რომელიმე წამალი ამოიღეს ბაზრიდან, ან სერია იყო უვარგისი. თქვენ თუ გახსოვთ ამ ბოლო დროს შემთხვევა, რომ რომელიმე წამლის გამოყენება შეაჩერეს? ან რომელიმე ფირმა უვარგისი წამლისათვის დააჯარიმეს?  ეს პრობლემა უნდა დარეგულირდეს მკაცრი კონტროლის გზით. მე დღეს პაციენტს ვერ დავუნიშნავ პრეპარატს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცი და დაბალხარისხიანია,“ – აცხადებს ყურაშვილი.

commersant.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …