მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » კერძო კლინიკები 520-ე დადგენილების ტარიფების 24%-იან ინდექსაციას ითხოვენ

კერძო კლინიკები 520-ე დადგენილების ტარიფების 24%-იან ინდექსაციას ითხოვენ

ტარიფების გათანაბრების სისტემა მომდევნო ეტაპზე ამოქმედდება იმ მომსახურებებისთვის, რომელსაც ყველაზე მძიმე  ფინანსური ტვირთი აქვს ბიუჯეტზე, მაგალითად ოფთალმოლოგიისა და ნეიროქირურგიისთვის.  ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აღნიშნავენ. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც კლინიკები ამ დრომდე აპროტესტებენ 2019 წელს მიღებულ 520-ე დადგენილებას.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის’’ მიერ პარტნიორ ორგანიზაცია – ,,მონაცემთა კვლევის ჯგუფთან’’ ერთად 2021 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

ანგარიშში მოყვანილია კვლევაში ჩართული, სამინისტროს წარმომადგენელთა პოზიცია, რომლის თანახმად 520-ე დადგენილების მიღების პროცესი ღია იყო და მათ მიერ დადგენილი ტარიფები თავად კლინიკების ფინანსური დირექტორებისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზს ეყდრნობოდა.

ამასთან, კვლევის თანახმად, თავად სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი აღნიშნულ ცვლილებას ეწინააღმდეგებოდა. 20-ზე მეტმა კერძო კლინიკამ პრემიერსა და ბიზნესომბუდსმენსაც კი მიმართა და ცვლილებების მინიმუმ 6 თვით გადავადება მოსთხოვა, თუმცა სამინისტროს პოზიცია ხისტი აღმოჩნდა და 520-ე დადგენილება 2019 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. დადგენილების თანახმად, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულები იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სამედიცინო მომსახურება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ. სამინისტრო აღნიშნავს, რომ დადგენილების ამოქმედების შემდეგ კონკრეტულ მომსახურებებზე  (რეანიმაცია, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმიოლოგია, ნევროლოგია) პაციენტს ჯიბიდან გადახდის ვალდებულება არ აქვს.

კლინიკები კი აღნიშნავენ, რომ ეს სამედიცინო სერვისები მაღალტექნოლოგიურია და საჭიროებს იმპორტირებული სახარჯი მასალების გამოყენებას, რომელთა ფასებიც მიბმულია უცხოურ ვალუტასთან, ბოლო სამი წლის განმავლობაში კი ლარის გაუფასურებამ მათი ღირებულება ეროვნულ ვალუტაში გაიზარდა. ამიტომ კლინიკებისთვის გაუგებარია, რა გათვლებს ეფუძნება 520-ე დადგენილებით სამედიცინო მომსახურების ახალი ფასები, გათვლილია თუ არა არაპირდაპირი ხარჯების და ცვეთა-ამორტიზაციის რეალური მაჩვენებლები.

კვლევაში მონაწილე ერთერთმა რესპონდენტმა კერძო კლინიკიდან აღნიშნა, რომ ეს ტარიფები არათუ განვითარების შესაძლებლოლბას არ იძლევა, არამედ საერთოდ კლავს დარგს.

„ზოგიერთი ჩარევა იმდენად წამგებიანი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ კლინიკებმა შესაძლოა უარი განაცხადონ გარკვეულ ჩარევებზე, ასეთ პაციენტებს კი მოუწევთ უცხოეთში მკურნალობა, რაც მოსახლეობას ბევრად უფრო ძვირი დაუჯდება,“ – აღნიშნულია კვლევაში.

სამინისტროში ადასტურებენ, რომ სამედიცინო დანიშნულების საგნების ღირებულებაზე მართლაც ახდენს გავლენას კურსის ცვლილება, ამიტომ, მათი თქმით, ახალ ფასში ესეც გათვალისწინებულია.

ერთერთ ინტერვიუში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ დადგენილების ამოქმედების შემდეგ თანხების მნიშვნელოვან დაზოგვას ელოდებიან: კერძოდ, რეანიმაციის სერვისებიდან 30 მილიონი ლარის, კარდიოქირურგიიდან კი 3 მილიონი ლარის დაზოგვაა მოსალოდნელი. ვინაიდან 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან უკვე 2 წელია გასული, სექტორი ელოდება, რომ სამინისტრო წარადგენს მონაცემების ანალიზს და აჩვენებს, რამდენად გამართლდა ეს მოლოდინები.

კერძო პროვაიდერები სამინისტროს სთავაზობენ ასეთ გამოსავალს: 520-ე დადგენილების ტარიფების ინდექსაცია მოხდეს თუნდაც 24%-ით, რადგან მხოლოდ 2019-2021 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით ლარი თითქმის 25%-ით გაუფასურდა.

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …