„მაქვს ლოგიკური ეჭვი, რომ სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება ერთი მოქალაქის სამედიცინო სერვისის ანაზღაურება, ვიდრე სადაზღვეო კომპანიებს, რადგან ბიზნესი მართვის და რისკების მართვის თვალსაზრისით უფრო მოქნილია“- გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ BAG- ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის თავჯდომარე, ნინო კობახიძემ ისაუბრა.
კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში 800 000 ადამიანს სადაზღვეო კომპანიები უფრო ეფექტურად მართავენ და პოლიფარმაციაც უფრო ნაკლებ პროცენტზეა ჩამოსული, ასევე ბენეფიციარებს უფრო ნაკლები მედიკამენტის მოხმარება უწევთ.
„პოლიფარმაციის კუთხით, საქართველო არის მოწინავეთა რიგში, რადგან გაუთავებლად მიდის მოჭარბებული მედიკამენტების დანიშვნა. სწორედ ესაა ჩვენი ბიზნესის სპეციფიკა, რომ ამის კონტროლს ძალიან ეფექტურად ვახდენთ. რომ შევადაროთ, სახელმწიფოზე ნაკლები გვიჯდება ის სერვისები, რასაც ისინი აფინანსებენ 2 მილიარდიანი ბიუჯეტის ფარგლებში“ – აღნიშნავს კობახიძე.
მისი თქმით, სახელმწიფო ბენეფიციარს სტაციონარს უფინანსებს, შესაბამისად მასზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს.
„ ჩვენ ვთავაზობთ, ნიადაგი მომზადდეს იმისათვის, რომ ეს ინდიკატორები, ფინანსური ინსტიტუტები, შემოვიდეს სახელმწიფოს მაშველ რგოლად.“ – აღნიშნავს ნინო კობახიძე.
კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უნდა იყოს პირობების შემქმნელი, სწორი რეგულატორი და არ შეითავსოს „სადაზღვეო კომპანიის“ ფუნქცია, რასაც ახლა აკეთებს. მისი თქმით, სახელმწიფომ სადაზღვეო კომპანიები შუამავლად უნდა გამოიყენოს. რაც შეეხება სადაზღვეო კომპანიებს, ისინი კიდევ უფრო უნდა განვითარდნენ და უფრო უნდა დაიხვეწოს მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.