შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საზოგადოებას სამინისტროს 3 წლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა. სერგეენკო ჯანდაცვის სისტემის სამომავლო პერსპექტივებსაც შეეხო და რეფორმის განხორციელების კონკრეტული მიმართულებებიც წარმოადგინა.
როგორიცაა: პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩამოყალიბება, საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯთ ეფექტურობის მოდელის დანერგვა, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის ამოქმედება და ელექტრონული რეცეპტული სისტემის ფართოდ დანერგვის საკითხები.
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს. მინისტრს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს.
თუმცა, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.
„ჯენერიკი გახლავთ იგივე მედიკამენტი, რაც ბრენდი, როგორც მას უწოდებენ – მისი შემადგენლობა იგივეა, რაც ბრენდის. უბრალოდ, ჯენერიკის გამოცემის უფლება გაიცემა მას შემდეგ, რაც ბრენდის ნაყიდ პატენტს ვადა გასდის.
ეს არის ე.წ. პატენტის დაცვის საერთაშორისო მექანიზმი, ანუ ბრენდის ჯენერიკს ვერ აწარმოებს ვერავინ, თუ მას არ გაუვა პატენტი. ერთადერთი გამონაკლისი გაკეთდა ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს, როდესაც შიდსის მედიკამენტებზე დაუშვეს ჯენერიკები.
ამდენად კარგი ჯენერიკი, რომელიც შესაბამის ლაბორატორიაში ხარისხის კონტროლს გადის, იგივე მოქმედებისაა, როგორც ბრენდული პრეპარატი,“ – განმარტვავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორიამირან გამყრელიძე.
გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში შესაბამისი ხარისხის კონტროლის სამსახურის შექმნა, რათა შექმნილი პრობლემა მოგვარდეს:„ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკაა,რომ რეცეპტის გამოწერისას იწერება სწორედ ჯენერიკი მედიკამენტები.
ამიტომ, ამ პროექტზე სამინისტრო მუშაობს და ვფიქრობ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს გარკვეული სტრატეგია დაიდება.“
რაც შეეხება ზოგადად მედიკამენტების ფასებს,გამყარელიძე აღნიშნვს და მიაჩნია, რომ წამალი ვერც ერთ ქვეყანაში არ არის და ვერ იქნება იაფი. „ერთი ახალი წამლის შექმნა დაახლოებით მილიარდი დოლარი ჯდება და მას სჭირდება საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი – 8-14 წელი.
პრობლემა სხვა მიმართულებით უნდა დარეგულირდეს, სისტემა უნდა იყოს გამართული და კონტროლირებადი, რომლის ჩამოყალიბებაზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს – წამლის ყიდვა და ამ მიმართულებით გაწეული დანახარჯი მოქალაქისთვის არ იყოს კატასტროფული, ანუ მოსახლეობა იყოს მსყიდველუნარიანი“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.