მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » კარგი იქნება თუ პირველადი რგოლის რეფორმის ფარგლებში მედიკამენტებზე შეღავათები დაწესდება
ჯანდაცვის პირველი რგოლის გამართულად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია,კარგი იქნება, თუ ამ რეფორმის ფარგლებში მედიკამენტებზე შეღავათები დაწესდება.

კარგი იქნება თუ პირველადი რგოლის რეფორმის ფარგლებში მედიკამენტებზე შეღავათები დაწესდება

ჯანდაცვის პირველადი რგოლში არსებულ ვითარებასთან და დაგეგმილ რეფორასთან დაკავშირებით ოჯახის ექიმს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან თამარ ლომიძეს ვესაუბრეთ.

მისი თქმით, ჯანდაცვის პირველი რგოლის გამართულად მუშაობა სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სისტემას გაცილებით უფრო იაფი დაუჯდება დაავადებების პრევენცია, ვიდრე შემდგომში გართულებული მდგომარეობის მკურნალობა.

„ოჯახის ექიმი, რა თქმა უნდა, პაციენტისთვის აუცილებელია, სწორედ მას უნდა ჰქონდეს ყველაზე მჭიდრო კავშირი პაციენტთან, აძლევდეს სწორ მიმართულებას, თუ სად წავიდეს, ვის მიმართოს. ძალიან ხშირად, როცა პაციენტი მიდის სტაციონარში, არ იცის რომელ ექიმთან მივიდეს, იკეთებს ზედმეტ გამოკვლევებს, რაც ზედმეტ ხარჯებს მოითხოვს.

ოჯახის ექიმი კი მიზანმიმართულად აგზავნის პაციენტს კონკრეტულ გამოკვლევაზე. ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ ეს რგოლი კიდევ უფრო გაძლიერდება. ეს სახელმწიფოსთვისაც მომგებიანია, რადგან თანხები დაიზოგება.

საზოგადოებრივი ინტერესის თვალსაზრისით კი უმნიშვნელოვანესია, რადგან თანდათან დაინერგება პრევენციის მიზნით ექიმთან ვიზიტის კულტურა, რაც საზოგადოების ფიზიკურად გაჯანსაღებას გამოიწვევს“, – აღნიშნა თამარ ლომიძემ.

ოჯახის ექიმი საკუთარი რაიონის მაგალითზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ წყალტუბოს საავადმყოფოდან, სადაც დგას სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მის ამბულატორიამდე არის ზსუსტად 45 კილომეტრის მანძილი. „პრობლემა ის გახლავთ, რომ სულ სამი სასწრაფო დახმარების ბრიგადა ჰყავს წყალტუბოს და ირგვლივ უამრავი სოფელია.

მქონია შემთხვევები, როცა პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო მე აღმომიჩენია პირველადი დახმარება და სასწრაფო 40 წუთის დაგვიანებით მოსულა, როცა უკვე ადამიანი მდგომარეობიდან გამოსული იყო.

წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაა მაღალმთიან სოფლებში, სადაც სასწრაფო დახმარების ბრიგადას უფრო მეტი დრო სჭირდება მისასვლელად. საჭიროა მეტი მანქანა, ან მოგვარდეს პრობლემა ისე, რომ ქუთაისის სასწრაფოს ჰქონდეს წყალტუბოსკენ წამოსვლის უფლება.

გარდა ამისა, რეგიონებში არის ტრანსპორტის და პაციენტსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის კავშირის პრობლემა. ყოფილა შემთხვევა, რომ პაციენტი სიშორის და უტრანსპორტობის გამო ვერ მოსულა სამედიცინო დაწესებულებამდე.

წესით ოჯახის ექიმები უნდა ვმუშაობდეთ ონლაინ რეჟიმში, მაგრამ ამბულატორიაში ერთი კომპიუტერიც კი არ გვაქვს. არ გვაქვს ინტერნეტიც. გარდა ამისა, რაიონში ჩასვლა გვიწევს თათბირებზე ზოგჯერ კვირაში ორჯერ, რაც იმას ნიშნავს, რომ გზაში 2–3 საათის დაკარგვა გამოგვდის. ესეც ტრანსპორტის პრობლემის გამო ხდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმების ანაზღაურების საკითხიც. ის თანხა, რაც ხელშეკრულების მიხედვით გვერიცხება ექიმებს, ფაქტობრივად სჭირდება ამბულატორიის შენახვას. ჩვენ ვყიდულობთ წამლებს, გარდა ამისა ამ თანხიდან ვრიცხავთ საშემოსავლოსაც.

ყოფილა შემთხვევები, რომ ერთ თვეში 300 ლარიც არ გამოგვსვლია ხელფასი. როდესაც სოფლის ექიმის პროგრამა დაიწყო, შეგვპირდნენ, რომ პირველადი მოხმარების წამლებს ექიმებს 30 პროცენტიანი ფასდაკლებით მოგვყიდიდნენ, მაგრამ ეს დაპირება არ შესრულებულა.

კარგი იქნება, თუ ამ რეფორმის ფარგლებში გაითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე შეღავათების დაწესებას, ან რაიმენაირად დარეგულირების ნორმებს.

რაც შეეხება რეცეპტებით წამლის გაყიდვის რეგულაციას, ძალიან კარგი ინიციატივა იყო და ამას ექიმები ერთხმად აღიარებენ. რეცეპტით წამლის ყიდვის გამო პაციენტი იძულებულია მიიღოს კონკრეტული მედიკანტი არა ახლობლის რჩევით, არამედ ექიმთან გასინჯვის შემდეგ დანიშნულებისა და საჭიროებისამებრ. რაც, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობაზე აისახება. ეს ცვლილება აუცილებელი იყო, რამაც ექიმთან მისვლის კულტურა თანდათან გააღვიძა ხალხში”- ამბობს თამარ ლომიძე.

pirveliradio.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …