დღეს, კამპანიის ,,ყველა ბავშვი ოჯახში“ პრეზენტაცია გაიმართა ,რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.
კამპანიის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით , ასევე იმ სერვისების, პროგრამების გაცნობა, რომელსაც სახელმწიფო პარტნიორ ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან ერთად ახორციელებს ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველსაყოფად, რომელიც დიდი ზომის ბავშვთა სახლებში არ არსებობდა. შესაბამისად, სახელმწიფომ უარი თქვა დიდი ზომის ბავშვთა სახლებზე.
ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის მიზანია მშობელთა მზრუნველობას მოკლებული, სოციალურად დაუცველი, ძალადობის მსხვერპლი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მიუსაფარი ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისათვის უკეთესი სოციალური და უფლებრივი პირობების შექმნა.
მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს დეინსტიტუციონალიზაცია,რაც გულისხმობს ბავშვთა დიდი ზომის სააღმზრდელო დაწესებულებებიდან, ბავშვების დაბრუნებას საკუთარ ოჯახებში ან გადაყვანას ოჯახთან მიახლოებულ გარემოში, ბავშვთა სახლების ეტაპობრივ ჩანაცვლებას ალტერნატიული სერვისებით,როგორიცაა რეინტეგრაცია ( ბავშვის დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახში და ოჯახის გაძლიერება ), მინდობით აღზრდა ( სახელმწიფოსა და სპეციალურად შერჩეულ მინდობულ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე,ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდა) და მცირე საოჯახო ტიპის სახლები.
საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი და საქართველოს საპატრიარქო.