კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წარმომადგენლები დღეს, დასაქმების ფორუმში მონაწილე საუკეთესო პროექტებს გამოავლენენ.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანიიდან აცნობეს, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად დასაქმების ფორუმი დაიწყო, რომლის მიზანია, განვითარებაზე ორიენტირებული, ინოვაციური იდეების მქონე ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტების და მაგისტრანტების მოზიდვა.
ფორუმში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაერთო, რომელმაც მათ სისტემაში რეგისტრირებულ 18 ათასამდე სამუშაოს მაძიებელს, ფორუმის აქტუალური პროფესიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დასაქმების ფორუმზე მოიწვია.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, გუშინ, ტექნოპარკში დასაქმების ფორუმის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა, დღეს კი ჩატარდება კრეათონი, სადაც GWP-ის მენეჯმენტის წარმომადგენლები და საგანგებოდ მოწვეული დარგის სპეციალისტები საუკეთესო პროექტებს გამოავლენენ.
4 ივლისს, ფორუმის დახურვა და საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
”გამარჯვებულები ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ სამ თვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს”, – აცხადებენ კომპანიაში.