მთავარი » დაზღვევა » „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ „ონკოდაზღვევის“ ფარგლებში კომპენსაცია 19 შემთხვევაზე გასცა

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ „ონკოდაზღვევის“ ფარგლებში კომპენსაცია 19 შემთხვევაზე გასცა

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ონკოდაზღვევის პაკეტის „ონკოქეარის“ ამოქმედებიდან დღემდე კომპენსაცია 19 შემთხვევაზე გასცა, ჯამურად 1 287 415 ლარის ოდენობით.

ამის შესახებ jandacva.ge-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნა წლიურად საშუალოდ 20-25%-ით იზრდება, თუმცა მაღალი არ არის.

ცნობისთვის: Cancer insurance-ი (იგივე „ონკო ქეარი“)  არ არის ჯანმრთელობის დაზღვევა, ეს არის პაკეტი, რომლის ფარგლებშიც, ავთვისებიანი სიმსივნის დადასტურების შემთხვევაში დაზღვეული პაკეტით განსაზღვრულ კომპენსაციას იღებს, რომელიც, ლიმიტის მიხედვით, 200 ათას ლარამდე ადის. თანხის განკარგვაში ის სრულად თავისუფალია – სადაზღვევო კომპანია მისგან  მკურნალობისთვის საჭირო საბუთებს არ ითხოვს, როგორც ესა ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაშია.  კომპენსაციის გახარჯვა შესაძლებელია როგორც მკურნალობის, ასევე სხვა მიზნებისთვის, დაზღვეულის სურვილისამებრ.

ერთადერთი გამონაკლისი არის დაზღვევამდე არსებული ონკოლოგია, მოცდის პერიოდი 6 თვეს შეადგენს.

ონკო ქეარის შეძენა 65 წლამდე ნებისმიერ პირს შეუძლია.

პოლისის შესაძენად წინასწარი კვლევები საჭირო არ არის და მისი შეძენა როგორც ონლაინ, ისე კონსულტანტის მეშვეობითაა შესაძლებელი

ეს პროდუქტი 2018 წლიდან ამოქმედდა, ანაზღაურება კი 2019 წლიდან დაიწყო.  და ამ ეტაპზე 6 000-მდე აქტიური პოლისია.

რაც შეეხება გადასახდელ თანხას, ის დამოკიდებულია ასაკზე და ლიმიტზე – თვიურად ეს თანხა 12-დან იწყება და პირობები მფლობელის 18 წლამდე შვილებზე ავტომატურად ვრცელდება.

ონკოდაზღვევის მიმართ დაბალ ინტერესს დაზღვევის ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი მომხმარებლის დამოკიდებულებით ხსნის. მისი თქმით, ჯანმრთელობის პაკეტის შეძენის დროსაც კი ადამიანები პაკეტებს არა გაუთვალისწინებელი რისკების, მათ შორის ონკოლოგიის მიხედვით არჩევენ, არამედ ისეთ სერვისებს ითვალისწინებენ, როგორიცაა სტომატოლოგია და გეგმიური კვლევები. მისი თქმით, ონკოდაზღვევა კარგი შეთავაზებაა, რათა კიბოს დიაგნოზის დასმის შემთხვევაში ადამიანი კატასტროფული დანახარჯების წინაშე არ დადგეს, ამასთან, თანხა საკუთარი შეხედულებისამებრ მოიხმაროს, მათ შორის უცხოეთში სამკურნალოდ. პაკეტის ერთერთი მთავარი უპირატესობა კი, მისი თქმით, არის ბავშვების დაზღვევა, რაც არსებულ ტარიფში ავტომატურად შედის.

ცნობისთვის: ონკოპაციენტებისა და ონკოლოგების ნაწილი ითხოვს, სადაზღვევო პაკეტები სტანდარტიზებული გახდეს, რადგან კერძო დაზღვევის შემთხვევაში ონკოლიმიტები ძალიან დაბალია და საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებულ ლიმიტებს მკვეთრად ჩამორჩება.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …